ირაკლი ქადაგიშვილი - ქვეყანას გაჩერებით ვინც ემუქრება, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ამ ქვეყნისთვის ათი ლარის ღირებულების მაინც
აქციის მესვეურები რასაც ავრცელებენ, ეს უკვე არის ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველოში გამოხატვის თავისუფლება და პროტესტის უფლება დაცულია, თუმცა „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის მონაწილეების ულტიმატუმი მიუღებელია.
„მე ვიტყვი ერთ ამბავს, რომ რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არის თავისუფალი. ნურავინ დაემუქრება ქვეყანას გაჩერებით, რადგან ვინც ემუქრება ქვეყანას გაჩერებით, ჯერ გვაჩვენონ, რა შექმნეს ათი ლარის ღირებულების მაინც ამ ქვეყნისთვის და ერთი ლარი მაინც შეიტანეს ბიუჯეტში, ჯერ ეს თქვან, ქვეყნის გაჩერებით რომ იმუქრებიან. ეგ ერთი. მეორე, ჩვენ რა თქმა უნდა, ღია ვართ, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით საზოგადოებასთან გვქონდეს ღია საუბარი და ყველა პრობლემურ საკითხზე ვისაუბროთ, ეს ხელისუფლებამ, მთავრობამ ღიად გამოაცხადა. ჰესის მშენებლობაზე, ძირითადად, მორატორიუმი გამოაცხადა იმ მიზნით, რომ ყველანაირი პრობლემური გარემოსდაცვითი საკითხი კიდევ ერთხელ ყოფილიყო განხილული. გამომდინარე აქედან, რა თქმა უნდა, ჩვენს პირობას ბოლომდე შევასრულებთ და მეორე, რასაც აქციის მესვეურები ახლა ულტიმატუმის სახით ავრცელებენ, ეს უკვე არის ულტიმატუმი საქართველოს წინააღმდეგ და არა ხელისუფლების წინააღმდეგ, რადგან ჩვენს ქვეყანას სჭირდება ენერგეტიკა, ინვესტიციები, რაც შეიძლება მეტი ენერგეტიკული პროექტის განხორციელება და რაც შეიძლება მეტი ინვესტორის შემოსვლა, ამიტომ ნუ ემუქრებიან ქვეყანას გაჩერებით. მათ ჯერ ათი ლარის საქმე შეასრულონ და ერთი ლარი ბიუჯეტში გადაიხადონ და მერე ისაუბრონ იმაზე, რომ ქვეყანას გააჩერებენ. თუმცა, ვიმეორებ, რომ ჩვენს ქვეყანაში თავისი აზრისა და პროტესტის გამოხატვის საშუალება ყველას აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
„ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედანზე, გზის სავალ ნაწილზე კარვები გაშალეს. აქციის ორგანიზატორების განცხადებით, 24 მაისის 12:00 საათამდე დაელოდებიან ხელისუფლების გადაწყვეტილებას მათ მოთხოვნებთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოთხოვნებს, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, გაწყდეს კომპანიასთან დადებული ხელშეკრულება, გაბათილდეს ყველა დოკუმენტაცია, რომელიც 2015 წლიდან კომპანიის მისამართითაა გაცემული. მისივე თქმით, ასევე მოთხოვნებს შორისაა ეკონომიკის მინისტრის გადადგომა, ყველა იმ პირის პასუხისმგებლობა, ვინც უშუალოდ მონაწილეობს ამ პროექტში და ენერგოსექტორში მორატორიუმის გამოცხადება. ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დედაქალაქის პარალიზებას მოახდენენ.