ირაკლი ქადაგიშვილი - პენტაგონის განცხადება რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან მოსკოვი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები, შესაძლოა, სუსტდებოდეს
აშშ-ის სამხედრო დეპარტამენტის განცხადება რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან მოსკოვი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები, შესაძლოა, სუსტდებოდეს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა პენტაგონის მიერ გუშინ გაკეთებული განაცხადების კომენტირებისას აღნიშნა.
მისი თქმით, დასანანია, როდესაც ორ სახელმწიფოს შორის სამხედრო სფეროში ურთიერთობა, რომელსაც ძალიან მდიდარი და ორივე ქვეყნისთვის საამაყო ისტორია გააჩნია, წუთიერ პოლიტიკურ მიზნებს ეწირება.
„ზოგადად, ვთვლი, რომ ამ ეტაპზე ამ წვრთნებთან დაკავშირებით რაიმე დიდი ინტერესი არ გააჩნდათ, თორემ წვრთნები ჩატარდებოდა და ამას წინ არაფერი ედგა. წმინდა სამხედრო კომპონენტის მიმართ ინტერესი გამოიყენეს და პოლიტიკური ხასიათის განცხადება გაკეთდა. რუსეთის მიმართ ძალიან მაამებელი გზავნილია, რადგან რუსეთი ხედავს, რომ სამხრეთ კავკასიაში აშშ-ის ინტერესები, შესაძლოა, სუსტდებოდეს. ეს არ იყო კარგი სვლა, დამაზიანებელი სვლაა. ეს სვლა განპირობებულია არა იმდენად ამერიკელი სამხედროების მხრიდან, არამედ გაგრძელებაა იმ პოლიტიკისა, რომელი პოლიტიკის ხაზგასმაც იყო ამ განცხადებაში, რომ ჩვენ არ ვერევით ქვეყნის საშინაო საქმეებში და არ გვსურს მაიდანიზაცია. ეს განცხადება სწორედ მაიდანის მოსურნეთა წისქვილზე წყლის დასხმა გამოდის“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტმა გუშინ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, აშშ-საქართველოს ორმხრივი ურთიერთობების ყოვლისმომცველი გადახედვის ფარგლებში, საქართველოში „ღირსეული პარტნიორის“ სწავლებას აშშ განუსაზღვრელი ვადით გადადებს.