ირაკლი ქადაგიშვილი - პარტიების საქმიანობა კანონით განსაზღვრულია, არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკასთან ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეს
პარტიების საქმიანობა კანონით არის განსაზღვრული. კანონის მიხედვით, აკრძალულია პოლიტიკური პარტიების დაფინანსება უცხოეთიდან. ეს ნორმა ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში არის აღიარებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
ქადაგიშვილი გამოეხმაურა „რეგიონული განვითარების და ხელშეწყობის ცენტრის“ განცხადებას, რომელიც აუდიტის სამსახურს მიმართავს, დაიწყოს მოკვლევა პარტიების მიერ არასამთავრობო ორგანიზაციების შექმნის გზით უკანონო შემოწირულებების მიღებასთან დაკავშირებით.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციას პოლიტიკასთან ნაკლები შეხება უნდა ქონდეს.
„არასამთავრობო ორგანიზაცია თავისი შინაარსით აბსოლუტურად სხვა ორგანიზაციაა, რომელიც თავისი სახელწოდებით მიანიშნებს, რომ პოლიტიკასთან ნაკლები შეხება უნდა ჰქონდეს. აქედან გამომდინარე, პოლიტიკური პარტიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთ კონტექსტსა და ერთ საქმიანობაში გაერთიანება კანონის დარღვევაა. აქედან გამომდინარე, შესწავლის საგანი უნდა იყოს, თუ ასეთი რამ ხდება. ასეთი რამ თუ დადასტურდება, საჭიროა რეაგირება. ჩვენ ვიცით კიდეც, ეს ღიად არის, ღია წყაროებში, როცა სხვადასხვა პოლიტიკური პარტია და ზუსტად იმავე სახელწოდების არასამთავრობო ორგანიზაცია არსებობენ და ამ ორგანიზაციების ხელმძღვანელი, მმართველი პირები ერთი და იგივე პირები არიან“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.