ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აქვს კომპლექსები, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მთლიანად ჩაერთოს, ევროპელი პარტნიორები ამას მეტ-ნაკლებად ხედავენ
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აქვს კომპლექსები, რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში მთლიანად ჩაერთოს, ევროპელი პარტნიორები ამას მეტ-ნაკლებად ხედავენ

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აქვს გარკვეული კომპლექსები, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულების პროცესში სრულყოფილად ჩაერთონ. მისივე თქმით, ისინი პროცესისთვის ხელის შეშლას ცდილობენ.

როგორც ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ევროპელი პარტნიორები ამას მეტ-ნაკლებად ხედავენ.

ამასთან, ქადაგიშვილის განცხადებით, 12 პუნქტის შესრულებაში ხელისუფლების პასუხისმგებლობა მეტია, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს.

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილს აქვს გარკვეული კომპლექსები, რომ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების პროცესში მთლიანად ჩაერთოს. პარლამენტში ეს პროცესი იმდენად დინამიურად მიმდინარეობს, რომ ჭოჭმანის მიუხედავად, ოპოზიცია ამა თუ იმ დოზით პროცესში ჩართულია. მათ ამ პროცესში მთლიანად ჩართვა მაინც მოუწევთ, რადგან მაშინ, მთლიანად უნდა გაირიყონ, გაიმიჯნონ. ეს არ გამოსდით და პროცესის ხელშეშლას ცდილობენ, მაგრამ ხედავენ, რომ ეს კონტპროდუქტიულია მათთვისაც და ქვეყნისთვისაც. უჭირთ, რომ თავიდან ბოლომდე პროცესის მონაწილეები გახდნენ. ევროპელი პარტნიორები ამას მეტ-ნაკლებად ხედავენ, ალბათ ამ ყველაფერს შეაფასებენ. ბუნებრივია, ხელისუფლების პასუხისმგებლობა მეტია, მაგრამ პასუხისმგებლობა ოპოზიციასაც აქვს“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ცნობისთვის, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე ევროკომისიის რეკომენდაციებისა და მისი შესრულების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რა დროსაც განაცხადა: „ევროკომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ამას სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა. მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება“.