ოლაფ შოლცი - ევროკომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ამას სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება
ოლაფ შოლცი - ევროკომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანია, ამას სჭირდება ყველა პოლიტიკური ძალის ერთობლივი ძალისხმევა, მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება

ევროკავშირის საბჭოში შევთანხმდით, რომ ამ წელიწადს მივცეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, მინდა, საქართველო გავამხნევო, ამისათვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავი აღინიშნება.

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები არის მჭიდრო და მრავალმხრივი, ისინი ფარავენ მთელ სპექტრს ეკონომიკის, ეკოლოგიის, ენერგეტიკისა და კულტურის. გვიხარია, რომ საქართველოში არსებობს ძალიან დიდი ინტერესი გერმანული ენისა და აკადემიური გაცვლის მიმართ. ასევე, როგორც ორმხრივი პარტნიორი, საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორია განვითარების თვალსაზრისით. რუსეთის აგრესია უკრაინაზე არის ამ წლის მთავარი მოვლენა. გერმანია მჭიდროდ უდგას მხარში უკრაინას, ეხმარება მას სამხედრო, პოლიტიკურ, ჰუმანიტარულ ფარგლებში. კარგია, რომ საქართველომ მხარი დაუჭირა გაერო-ს რეზოლუციას, რომელმაც დაგმო რუსეთის აგრესია და ასევე, გამოაცხადა, რომ ის ხელს შეუშლის ყველანაირ მცდელობას რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებისგან. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ენერგეტიკული თანამშრომლობა საქართველოსთან. წელს ფედერალურმა მთავრობამ გამოყო თანხები ამისთვის, ასევე საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვის. თქვენ მოგეხსენებათ, რომ ევროკავშირის საბჭოში ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ წელიწადს მივცეთ საქართველოს ევროპული პერსპექტივა. მინდა, საქართველო გავამხნევო, ამისათვის საჭირო რეფორმების ნაბიჯები გადადგას. ევროკომისიის რეკომენდაციები ამ გზაზე გახლავთ მნიშვნელოვანი. ჩემთვის ცნობილია, რომ ამას სჭირდება ერთობლივი, ეროვნული ძალისხმევა ყველა პოლიტიკური ძალისა და ამიტომაც მინდა, დაგარწმუნოთ, რომ გერმანია საქართველოს ამაში დაეხმარება“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა.