ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას ქვეყნის შიგნით დიდი მხარდაჭერა არ აქვს და ცდილობენ, ხან ახალგაზრდების პროტესტს მიეკედლონ, ხან საგარეო საკითხებს
ირაკლი ქადაგიშვილი - ოპოზიციას ქვეყნის შიგნით დიდი მხარდაჭერა არ აქვს და ცდილობენ, ხან ახალგაზრდების პროტესტს მიეკედლონ, ხან საგარეო საკითხებს

ოპოზიციას რიგგარეშე სხდომის მოწვევა უნდოდა, რომ პოლიტიკური დუღილის ტემპერატურა აეწია, ამას სხვა მიზანი არ ჰქონდა, რადგან საგამოძიებო კომისიის შექმნაზე განცხადება რამდენიმე თვის წინ შემოიტანეს და კენჭისყრაზე არცერთხელ არ დაუყენებიათ, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ქადაგიშვილის თქმით, ოპოზიციაში ერთიანობა არ არსებობს.

„ჩათვალეს, რომ ახლა, საგარეო ფაქტორის გათვალისწინებით, არის ის მომენტი, როცა ქვეყნის შიგნით დუღილის ტემპერატურა რამენაირად უნდა აწიონ. ფაქტობრივად, ოპოზიციის შიგნით ერთიანობა არ არსებობს და ეს ჩანს დიდი ხანია. ოპოზიციას ქვეყნის შიგნით დიდი მხარდაჭერა არ აქვს და ცდილობენ, ხან ახალგაზრდების პროტესტს მიეკედლონ, ხან საგარეო საკითხებს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ოპოზიციამ პრეზიდენტს 11 აპრილს პარლამენტის რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნით 10 აპრილს, დღის პირველ ნახევარში მიმართა. მოგვიანებით კი ოპოზიციის წარმომადგენლებმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მიმართეს, რომ, ანა წითლიძისა და ლევან ხაბეიშვილის მიერ ქვეყნის დატოვების გამო, 11 აპრილს მათ მიერ მოთხოვნილი რიგგარეშე სხდომა არ დაენიშნა.