ირაკლი ქადაგიშვილი - „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოუნელებია, რომ მისი მმართველობის შემდეგ საქართველოში მშვიდობაა
„ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოუნელებია ის, რომ მისი მმართველობის შემდეგ საქართველოში მშვიდობაა, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ქადაგიშვილს შეკითხვა დაუსვეს ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, უსაფრთხოების ფორუმზე გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც პრემიერმა აღნიშნა: „საქართველომ მიაღწია უსაფრთხოებას, მშვიდობას. სხვა მთავრობების პირობებში, გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული, გვქონდა ომი, ესკალაცია. ჩემს პერიოდში ეს არ ყოფილა, ტერიტორიებიც არ დაგვიკარგავს“.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, ხელისუფლება ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებას ახერხებს, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ნერვებს უშლის.
„პრემიერმა საკუთარ გამოსვლაში გასული საუკუნის 90-იანი წლების ომებთან დაკავშირებით სიტყვა „დამნაშავე“ ახსენა? ის, რაც საქართველოს ისტორიაში წერია და მოსახლეობამ იცის, რომ 1990-იანი წლებიდან დაწყებული, საქართველოში პერმანენტულად იყო შიდა თუ გარე აგრესია, ამის კონსტატირება არაფერს ნიშნავს განსხვავებულს და ახალს. ამაში რა არის ისეთი ნათქვამი, რითიც გინდათ, რომ საინფორმაციო ბომბი შექმნათ? თქვენ რუსეთის მხარეს ხართ თუ საქართველოსი? თქვენი პროპაგანდა ემსახურება სწორედ საქართველოს ინტერესების დაზიანებას. „ნაციონალურ მოძრაობას“ ვერ მოუნელებია, რომ მისი მმართველობის შემდეგ საქართველოში მშვიდობაა. ყველანაირი ხერხით ნუ ცდილობთ, საქართველო ისევ ომისა და ქაოსის პირობებში დააბრუნოთ, ეს არ მოხდება. პრემიერმა სწორედ ის თქვა, რომ საქართველომ მძიმე ისტორია გამოიარა თითოეული ქართველის ზურგზე. ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშვიდობის შენარჩუნებას ვახერხებთ, რაც „ნაციონალურ მოძრაობას“ ნერვებს უშლის. თქვენ ხართ იდეოლოგიზებული და არ გინდათ, ანალიზი გააკეთოთ. ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებით არც მწვადის დაწვა უნდოდათ და არც შამფურის, ამან რუსეთის ქმედებების პროვოცირება გამოიწვია. საქართველოს ხელისუფლება რამდენად გონივრულად იქცეოდა, მეორე საკითხია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.