ირაკლი ქადაგიშვილი - კარგი იქნება, თავად უკრაინელები თუ მიხვდებიან, რომ არახამიას მსგავსი განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს, საქართველო არის მართალი და გულწრფელი
არახამიას განცხადებებმა თვითლუსტრაციის როლი შეასრულა. მან კიდევ ერთხელ ფაქტობრივად დაადასტურა, რომ არის მოკავშირე რგოლი, მაკოორდინირებელი, რომელიც ომის პარტია „ნაციონალურ მოძრაობასა“ და უკრაინის ხელისუფლების ამდაგვარ ნაწილს აერთიანებს, ვინც რეალურად, დაკავებულია, რომ საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობები დაიძაბოს, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
აღნიშნული კომენტარით ქადაგიშვილმა შეაფასა საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტთან დაკავშირებით უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადება, სადაც ამბობს, რომ შთაბეჭდილება დარჩა, საქართველოდან სამთავრობო დელეგაცია უკრაინაში ბუჩას ფონზე ფოტოების გადასაღებად ჩავიდა.
როგორც ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, მსგავსი ინფორმაციის გავრცელებით მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას ახერხებენ, მაგრამ საბოლოოდ ეს ვერ შეცვლის ისტორიას, ქართულ-უკრაინულ ურთიერთობასა და დამოკიდებულებას.
„როგორც კი შედგა საქართველოს პარლამენტის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი უკრაინაში და ყოველივე ეს გაუგებრობების დასასრულის მომასწავებელი იყო, მაშინვე ვნახეთ „ნაციონალური მოძრაობის“ ცალკე შესრულებული ვიზიტი და ამ ვიზიტის შედეგად გაკეთებული განცხადებები, რომელიც კიდევ ერთხელ, ყოვლად უსაფუძვლოდ, სრულიად დამაზიანებლად ადანაშაულებს საქართველოს რუსეთის მომარაგებაში. ამავდროულად, ამ პირობებში, თუ ვინმეს ინტერესებში შედის საქართველოსა და უკრაინას შორის ურთიერთობების დაძაბვა, გაფუჭება, ეს არის სწორედ რუსეთი. ამას ემსახურება არახამიას განცხადებები და ქმედებები. აქედან ნათლად ჩანს, ვინ იყო ავტორი და სპონსორი იმ განცხადებების, რაც თავის დროზე გაკეთდა და კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“, ომისა და ღალატის პარტიის ინტერესი არის ერთადერთი რამ – მაქსიმალურად დაზიანდეს საქართველოს იმიჯი, ქვეყნის ინტერესები, რათა ამ დაზიანებით, ერთგვარი გაუკრვევლობით, არეულობით მოახდინონ ხელისუფლების უზურპაცია. ეს თავიდან ბოლომდე არის განწირული.
ურთიერთობებში ადვილია უთანხმოების, ჭორის, ცუდი ინფორმაციის და ბოროტის ჩამოგდება. ეს ყოველთვის ადვილად კეთდება. ნდობის, მეგობრობის, გვერდით დგომის მიღწევას მეტი შრომა სჭირდება. საბოლოო ჯამში, დარწმუნებული ვარ, რომ მეგობრობა გაიმარჯვებს, მაგრამ ასეთი ბოროტი განზრახვის მატარებელი სუბიექტები ახერხებენ, შიგადაშიგ მეგობრობის გზაზე ცუდი პრეცედენტების შექმნას. საბოლოო ჯამში, ეს ვერ შეცვლის ისტორიას, ვერ შეცვლის ქართულ-უკრაინულ ურთიერთობას, დამოკიდებულებას, ვერ შეცვლის და ხელს ვერ შეუშლის ჩვენი საერთო მიზნების მიღწევას. გულდასაწყვეტია, რომ არიან ასეთი ადამიანები, არის ასეთი პარტია, რომელსაც ომისა და ღალატის პარტია ჰქვია“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, კარგი იქნება, თუ თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ არახამიას მსგავსი განცხადებები ურთიერთობებს აზიანებს.
„ჩვენ არაფერი აღარ უნდა გავაკეთოთ, ჩვენ არაფერი გვაქვს გასაკეთებელი. ალბათ კარგი იქნება, თუკი თავად უკრაინელები მიხვდებიან, რომ ასეთი ტიპის განცხადებები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს აზიანებს. საქართველო უკრაინასთან ურთიერთობაში არის მართალი და გულწრფელი“, – აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ქადაგიშვილს ჟურნალისტებმა ასევე სთხოვეს, შეეფასებინა დავით არახამიას განცხადება საქართველოში უკრაინის ელჩის დაბრუნებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საკითხზე საუბარი შესაძლოა, დაიწყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება და პრეზიდენტ ზელენსკის მიეცემა შესაძლებლობა, საქართველოს პარლამენტს მიმართოს.
„საერთოდ, მეგობრობას ჰქვია ორმხრივი ურთიერთობა. როდესაც მეორე მხარე შენ უსაფუძვლოდ გადანაშაულებს ძალიან მძიმე ცოდვებში, რომელიც ბუნებაში არ არსებობს და ამ უსაფუძვლო ბრალდებებს ბოლო არ უჩანს, მგონი, ის გაგრძელება, რაც შემდგომ არახამიასთან დაკავშირებით მოაყოლეთ, უკვე ცოტა უტიფრობაა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
რაც შეეხება არახამიას განცხადების კიდევ ერთ ნაწილს, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებასთან დაკავშირებით საუბრობს და ამბობს, რომ ეს საკითხი წყდება არა საქართველოში, არამედ კრემლში, ქადაგიშვილმა განაცხადა:
„არახამიას საკმაოდ კარგი კავშირები ჰქონდა რუსეთთან, მათ შორის პასპორტი ჰქონდა რუსეთის. მის მიერ თანამდებობებზე დანიშნულ ადამიანებს, მათ შორის ძალოვან სტრუქტურებში, რუსული პასპორტები ჰქონდათ, რასთან დაკავშირებითაც სხვადასხვა დროს რადაში დიდი აჟიოტაჟი იყო. ეტყობა, მან კრემლის მუშაობის სტილი კარგად იცის. ამიტომ ჩვენ ნურაფერს დაგვაბრალებს“, -განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.