ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის დაცვის წევრი კობა კოშაძე 5 000-ლარიანი გირაოს საფუძველზე გათავისუფლდა. აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა.
ბრალდების მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, კობა კოშაძის მიმართ სასამართლომ გააუქმა აღკვეთის ღონისძიების სახედ გამოყენებული პატიმრობა, ბრალდებულს შეეფარდა გირაო 5 000 ლარის ოდენობით და სასამართლო სხდომის დარბაზიდან გათავისუფლდა.
„რადგან სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დღემდე არც ერთხელ არ დაგვიკმაყოფილა, დღეს მსგავს გადაწყვეტილებას ნამდვილად არ ველოდი. მეგონა, რომ ბოლომდე მივიდოდა საქმე და როგორც ხდება, გამიშვებდნენ საპატიმროში. ძალიან გაკვირვებული ვარ, რა ბრალდებაც შეთითხნეს. მე ისეთი სერიოზული პოლიტიკოსის გვერდით ვმუშაობდი, როგორიცაა ირაკლი ოქრუაშვილი. არასდროს გავაკეთებდი ისეთ რამეს, რომ მისი სახელი შემერცხვინა“, – განაცხადა კობა კოშაძემ.
კობა კოშაძეს ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან.