ირაკლი ოქრუაშვილი - საჭიროა ერთობლივი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდებულია და არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის, ამიტომ აღარ ვაპირებ რევანშისტულ განცხადებებს
ვაპირებ, მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას, მაქსიმალურად ხელი შევუწყო, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას, – ამის შესახებ პარტია „გამარჯვებული საქართველოს” ლიდერმა, ირაკლი ოქრუაშვილმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ოქრუაშვილი და გიგი უგულავა დღეს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა.
როგორც ოქრუაშვილმა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია ბოლომდე შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება. მან მადლობა გადაუხადა აშშ-სა და ევროკავშირის ელჩებს, ასევე ოპოზიციის ლიდერებს.
„ერთადერთი ადვილად შესასრულებელი დაპირება გასცა ივანიშვილმა, რომ კიდევ ბევრ ოპოზიციონერს მრავალი წლით გაუშვებდა ციხეში და ეს დაპირებაც ვერ შეასრულა, ხომ ხედავთ. პირველ რიგში, მადლობას ვუხდი ყველა იმ ადამიანს, რომელმაც დიდი წვლილი შეიტანა 8 მარტის შეთანხმების გაფორმებაში, რომლის ნაწილიც იყო, რა თქმა უნდა, ჩვენი გათავისუფლება. განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ოპოზიციის ყველა ლიდერს და განსაკუთრებულ მადლობას ვეუბნები ამერიკის ელჩ დეგნანს, ევროკავშირის ელჩ ჰარცელს, ისევე, როგორც სენატორ რიშს და კუბილიუსს. რომ არა მათი ძალისხმევა, მათი შეფასებები, ალბათ ეს შედეგი არ დადგებოდა. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია შეთანხმება ბოლომდე შესრულდეს და გიორგი რურუამ საპატიმრო დატოვოს. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება საარჩევნო პროცესის ცვლილების შესახებ. ეს შეთანხმება არ არის შეთანხმება არჩევნების შესახებ. ეს არის შეთანხმება საქართველოში მშვიდობიანად ხელისუფლების ცვლილების შესახებ. ყველამ კარგად გაითავისოს ეს, განსაკუთრებით ხელისუფლებამ. მე ვაპირებ, რომ მაქსიმალურად ხელი შევუწყო ოპოზიციის კონსოლიდაციას. მაქსიმალურად ხელი შევუწყო იმას, რომ ოპოზიციამ მოახერხოს არჩევნებზე იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.
მისი შეფასებით, ყველამ იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა და მათ გაათავისუფლებდნენ. ოქრუაშვილის შეფასებით, მათი დაჭერაც და გათავიუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
„ეს შედეგი დადგებოდა თუ არა, გაგვათავისუფლებდნენ თუ არა, სალომე ზურაბიშვილი მიიღებდა ამ გადაწყვეტილებას თუ არა – დაახლოებით ერთ კვირის წინ სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და მეუბნება, რომ ფორმალური უნდა შევავსო და რამდენიმე კითხვა მაქვს. კითხვას მისვამს, რომ თუ გათავისუფლდებით რას აპირებთ, მომავალში რა საქმიანობას გააგრძელებთ? თუ ფორმალური კითხვაა, რა თქმა უნდა. ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რომ ეს შედეგი დადგებოდა. მთელი ეს რაღაც მასკარადი, არ ვიცი, ვერ გეტყვით, ამოხსნა ვერ მოვუძებნე ამას.
როგორც ჩემი დაჭერაც, გიგის დაჭერაც, რურუას დაჭერაც და ბევრ სხვა ადამიანის დაჭერაც, რომლებმაც დატოვეს საპატიმრო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და პოლიტიკის ნაწილი, გათავისუფლებაც, რა თქმა უნდა. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, სიმართლე რომ გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ. ეს იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს იყო პოლიტიკის ნაწილი და ეს იყო პოლიტიკის ზეგავლენის შედეგი. ძალიან მრცხვენოდა „ქართული ოცნების“ ზოგი ლიდერის გამო, რომ ჩვენ ქალბატონი დეგნანის, ბატონი ჰარცელის, უამრავი სენატორის, კონგრესმენის და ევროპარლამენტის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას, ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ ოკუპაციის, ბორდერიზაციის შესაჩერებლად, უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხველად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევსის გამოჩენა იმისთვის, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მრცხვენოდა მე პირადად ამის გამო, მით უმეტეს, ყოველდღიურ რეჟიმში განცხადების კეთება და ძალისხმევა საქართველოში რაღაც სიტუაციის დალაგებისთვის“, – განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
მისით თქმით, საქართველოში საჭიროა სიმშვიდე და გზავნილები დასავლეთში, რომ არჩევნები ნორმალურად ჩაივლის.
„ქვეყანას სჭირდება სიმშვიდე, აქედან საჭიროა ერთობლივი გზავნილები დასავლეთში, რომ ქვეყანა დამშვიდებულია და ყველაფერი კარგად მიდის, არჩევნები ნორმალურ ვითარებაში ჩაივლის. ამისთვის ყველამ უნდა მოვინდომოთ. ამიტომ მე აღარ ვაპირებ არც ნიშნის მოგებით რამე განცხადებების კეთებას, არც რამე რევანშისტულ განცხადებებს. სიმშვიდეა საჭირო და ყველამ ჩვენი წვლილი უნდა შევიტანოთ“, – განაცხადა საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ ირაკლი ოქრუაშვილმა.