ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს
თბილისში, დიდუბის რაიონის ერთ-ერთ სამმართველოში ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრის, ირაკლი ნოზაძის მკვლელობის მცდელობის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სამმართველოში ბრალდებულების დამატებით გამოკითხვა მიმდინარეობს. ასევე, სამმართველოში, ამოცნობაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება ტაქსის მძღოლი.
როგორც ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, დაცვის მხარე განზრახ მკვლელობის მცდელობის კვალიფიკაციას არ ეთანხმება.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამ მუხლით თავს დამნაშავედ არ ცნობს. ჯერ ბრალი არ არის წარდგენილი და რამეზე საუბარი ზედმეტია. მოტივზე და დეტალებზე, თუ რატომ შეხვდნენ ერთმანეთს, ჯერ ვერ ვისაუბრებ. ფაქტია, რომ შეხვდნენ. ის მოცემულობა, რომ მოსაკლავად მივიდა ვიღაც, ვერ დავეთანხმები, მკვლელობის მცდელობას არ ჰქონდა ადგილი. ერთადერთი, რაც თქვა, ის იყო, რომ არავის მოსაკლავად მისულა“, – განაცხადა ადვოკატმა, არჩილ შაბაშვილმა.
ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი ირაკლი ნოზაძე 25 ივნისს დიდუბეში დაჭრეს. ნოზაძის დაჭრის ფაქტზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ნოზაძის დაჭრის საქმეზე დაკავებულია ორი პირი – 1989 წელს დაბადებული თ.ჯ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ხოლო მისი მეგობარი – 1994 წელს დაბადებული ნ.თ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით.