ირაკლი ნადირაძე აცხადებს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნების ინიციატივას შეუერთდნენ პარლამენტის, აჭარის უმაღლესი საბჭოსა და საკრებულოს წევრები, 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ირაკლი ნადირაძის თქმით, მიესალმება პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას, რომლითაც ის დათანხმდა მათ ინიციატივას, დაინიშნოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ასევე შიდაპარტიული არჩევნები.
ამასთან, ირაკლი ნადირაძემ განაცხადა, რომ აღნიშნულ ინიციატივას შეუერთდნენ საქართველოს პარლამენტის ათი დეპუტატი, აჭარის უმაღალესი საბჭოს ოთხი დეპუტატი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ 52 რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები მთელი საქართველოდან – 277 დეპუტატი.
„ახლა ყველა ეს ადამიანი, ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერთან ერთად, ველოდებით, რაც შეიძლება სწრაფად დაინიშნოს პოლიტიკური საბჭოს არჩევნები, რომ რაც შეიძლება მალე დავნიშნოთ არჩევნების თარიღი და გადავწყვიტოთ, რა წესით ჩატარდება არჩევნები. ეს ციფრები, მხარდამჭერები, რაც ჩამოვთვალე, არის მხოლოდ ერთი დღის მონაცემი და რაოდენობა იზრდება საათობრივად. კიდევ მეტად გაიზრდება, რადგან ამ ინიციატივას ემხრობა ბევრი ადამიანი, დღითიდღე გაიზრდება. ბოლოს, ჩვენს ასობით ათას მხარდამჭერს და საზოგადოებას კიდევ ერთხელ გვინდა, ვუთხრათ, რომ ეს ყველაფერი კეთდება ერთადერთი მიზნით – უფრო გაძლიერდეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, მთავარი ოპოზიციური პარტია, რადგან ფორმაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობა“, ძლიერი „ნაციონალური მოძრაობა“, ორგანიზებული „ნაციონალური მოძრაობა“ სჭირდება ოლიგარქის დამარცხებას და მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას“, – აღნიშნა ირაკლი ნადირაძემ საპრეზიდენტო ბიბლიოთეკაში გამართულ დღევანდელ ბრიფინგზე.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ გუშინ საღამოს ბრიფინგზე განაცხადა, რომ მზად არის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
მისივე თქმით, დეტალებზე, როგორ და რა ფორმით უნდა ჩატარდეს არჩევნები, პარტია იმსჯელებს „მათ შორის იმ ადამიანების მონაწილეობით, რომლებმაც გააკეთეს ნაჩქარევი განცხადება“. მანამდე, ირაკლი ნადირაძემ კიდევ ერთ ბრიფინგზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულ ლიდერებთან ერთად ითხოვენ, პარტიაში თავმჯდომარის ახალი არჩევნები ჩატარდეს.