ირაკლი მელაშვილი - თვითმმართველობაში ჩართულობა დაბალია, რადგან მოქალაქემ იცის, რომ თვითმმართველობა ბევრს ვერაფერს წყვეტს
ირაკლი მელაშვილი - თვითმმართველობაში ჩართულობა დაბალია, რადგან მოქალაქემ იცის, რომ თვითმმართველობა ბევრს ვერაფერს წყვეტს

დღეს თვითმმართველობაში ჩართულობა დაბალი იმიტომ არის, რომ მოქალაქემ იცის, თვითმმართველობა ბევრს ვერაფერს წყვეტს, – ამის შესახებ ექსპერტმა თვითმმართველობის საკითხებში, ირაკლი მელაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს სერიოზული პრობლემაა. მოქალაქე ძალიან კარგად ხედავს, რომ პრობლება მხოლოდ გადაწყვეტილების ნაწილში კი არ გაქვს, არამედ სისტემური პრობლემა გვაქვს. დღეს თვითმმართველობამ თავისი მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საზოგადოებრივი ტუალეტის გაკეთება რომ მოინდომოს, დაფინანსება ცენტრალური ხელისუფლებისგან უნდა მიიღოს. ასეთ ვითარებაში, ბუნებრივია, მოქალაქე ფიქრობს, რომ აპელირება ცენტრალურ ხელისუფლებაზე უფრო მოახდინოს, ვიდრე თვითმმართველობაზე. ერთადერთი საკითხი, რაზეც ისინი თვითმმართველობასთან მიდიან, სოციალური დახმარებაა, რადგან თვითმმართველობას ამის გადაწყვეტის საშუალება აქვს“, – განაცხადა მელაშვილმა.

მისი თქმით, საუკუნეების წინ ევროპაში ერთ დასკვნამდე მივიდნენ, რომ კონკრეტულ ქალაქსა და სოფელში გასაკეთებელი რა არის, ეს ყველაზე უკეთ ამ ქალაქის თუ სოფელის მაცხოვრებელმა და მის მიერ შექმნილმა ხელმძღვანელმა ორგანომ იცის და არა იმ ადამიანმა, რომელიც ცენტრში, რომელიღაც სამინისტროში ზის. 

„არ შეიძლება, ცენტრალურმა ხელისუფლებამ 3 500 დასახლების პრობლება იცოდეს. მოქალაქეები სულ იძახიან, რომ აზრს ოთხ წელიწადში ერთხელ, არჩევნების დროს ეკითხებიან, რაც მართლაც პრობლემაა“, – განაცხადა მელაშვილმა.

როგორც ირაკლი მელაშვილმა აღნიშნა, განცხადებები, რომელიც დღეს ხელისუფლების მხრიდან გაკეთდა, 1997 წლიდან ისმის, მაგრამ მნიშვნელოვანია, პროცესი ამჯერად როგორ წარიმართება.

„ძალიან მინდა, განცხადებებს, რომელიც დღეს მოვისმინეთ, ხორცი რეალურად შეესხას, ოღონდ ამას სერიოზული პროცესი სჭირდება. მე ის მაინტერესებს, მთავრობა ამ პროცესს როგორ წაიყვანს. იქნება ჩართულობა, დაეკითხებიან ექსპერტებს, გაითვალისწინებენ უცხოურ გამოცდილებას თუ არა“, – განაცხადა ირაკლი მელაშვილმა.