ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს შეხვდა - შევთანხმდით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე
პარლამენტის სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი მეძმარიაშვილი საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს, სიუ ხაიჭენგის შეხვდა.
საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო ორი ქვეყნის სპორტული ფედერაციების ერთობლივი წვრთნების, ასევე შეკრებების ჩატარების და ანტიდოპინგური სააგენტოს საქმიანობის საკითხებს. მათივე ცნობით, მხარეები ამ მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„შევთანხმდით სპორტის სხვადასხვა სახეობაში ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე. ეს მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოესი ზამთრის ოლიმპიური თამაშები სწორედ ჩინეთში ტარდება. ასევე, ვისაუბრეთ საქართველოში სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებაზე, რომელიც მთელ სამხრეთ კავკასიას მოემსახურება და ამასთანავე, ამ ცენტრით ისარგებლებენ არა მხოლოდ სპორტსმენები, არამედ ყველა ადამიანი, ვისაც რეაბილიტაცია დასჭირდება. ჩვენი თხოვნა იყო, რომ აღნიშნული ცენტრის დაარსება ჩინეთის მხარის დახმარებით და ჩართულობით მოხდეს, ვინაიდან მათ ამ მიმართულებით დიდი გამოცდილება აქვთ. თავის მხრივ, ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა დახმარება აღგვითქვა. მსურს, აღვნიშნო, რომ სპორტული მედიცინის რეაბილიტაციის ცენტრის დაარსებით ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი საქმე გაკეთდება“, – განაცხადა ირაკლი მეძმარიაშვილმა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს ატაშე ჩენ ჩუეიპინი.