კონფლიქტით დაზარალებულებს განვითარების შესაძლებლობები გაუჩნდებათ - პარლამენტის კომიტეტმა ერგნეთში სტადიონის მშენებლობის პროექტი მოიწონა #1TVSPORT
კონფლიქტით დაზარალებულებს განვითარების შესაძლებლობები გაუჩნდებათ - პარლამენტის კომიტეტმა ერგნეთში სტადიონის მშენებლობის პროექტი მოიწონა #1TVSPORT

საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომაზე სოფელ ერგნეთში სპორტულ-სამშვიდობო პროექტის განხორციელების მნიშვნელობაზე ისაუბრეს და 2024 წლის პრიორიტეტებში მისი დაჩქარებული წესით მშენებლობის იდეა მოიწონეს.

საქართველოს პარლამენტთან ერთად პროექტის თანაორგანიზატორია საქართველოს ეროვნული სპორტულ-სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ყოფილი საფეხბურთი არბიტრი გიორგი სამხარაძე – მან კომიტეტის წევრებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ამ დრომდე განხორციელებული საქმიანობაზე.

პროექტის ორგანიზატორების მიზანია, დროებით გამყოფ ხაზთან, სოფელ ერგნეთში აშენდეს სპორტული კომპლექსი, სტადიონი და ახალგაზრდობის განვითარების სივრცე, სადაც ომით დაზარალებულ ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება სპორტში ჩაერთონ, ინოვაციური ტექნოლოგიები შეისწავლონ და კულტურული კერების შექმნან. სამხარაძის აზრით, სპორტული პროექტების განხორციელება ოსი და ქართველი ხალხის დაახლოებას ხელს შეუწყობს.

საქართველოს პარლამენტის სპორტის და ახალგაზრდობის კომიტეტის სხდომას მის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ეროვნული სპორტული ფედერაციების და აღმასრულებელი უწყების წარმომადგენლები. კომიტეტის თავმდჯომარის, ირაკლი მეძმარიაშვილის აზრით, პროექტი აუცილებლად უნდა განხორციელდეს და ხარჯები მომავალი წლის ბიუჯეტში უნდა იყოს გათვალისწინებული.

„ჩვენს სამშვიდობო აქტივობებს დაინახავენ ცხინვალში, რომელიც პროექტის ლოკაციიდან კარგად ჩანს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მაცხოვრებელი ჩვენი მოსახლეობაც გვიყურებს, მათ შორის უამრავი ნათესაური კავშირია და აღნიშნული პროექტი გახდება ერთგვარი მშვიდობის ხიდი, რამეთუ საქართველოს რეგიონების განვითარება დაიწყება გამყოფ ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობით, შესაბამისად, აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტი გარდაიქმნება მრავალპროფილური დანიშნულების განვითარების წყაროდ.

წლების განმავლობაში არ ვჩერდებოდი და მუდამ ვცდილობდი მეზრუნა მოსახლეობის და ახალგაზრდების საჭიროებებზე. ეს რეგიონში მცხოვრები ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის დიდი სტიმული გახდა. ამავე დროს, ჩემს გარშემო გაერთიანდნენ სხვადასხვა პროფესიის ახალგაზრდები და გავაერთიანე გამყოფ ხაზთან მცხოვრები უნიჭიერესი პროგრამისტები, ინოვაციურ ტექნოლოგიების მიმართულებით. მივიღეთ სახელმწიფო პროგრამებში მონაწილეობა და გავიმარჯვეთ.

ჩვენს გარშემო ასევე გაერთიანდნენ ქართული ფოლკლორის უნიჭიერესი ადგილობრივი პროფესიონალი პედაგოგები. ზუსტად ჩვენი მრავალხმიანობაა, რითიც ვამაყობთ, რომელიც იუნესკომ არამატერიალურ კულტურულ ძეგლად შერაცხა. დღემდე გორში ჩვენს კულტურულ სექტორში 200- მდე ახალგაზრდა უფასოდ ემზადება ქართულ ფოლკლორსა და გალობაში.

ასევე ჩამოყალიბდა ასაკობრივი ანსამბლები. გორში კულტურის სამინისტროს დაქვემდევარებულ ფოლკლორის ცენტრისგან ფინანსდება ორი მწვრთნელი, მაგრამ სოფლებში ახალგაზრდები მოკლებულები არიან კულტურულ კერებს. ამიტომ ფოლკლორული კულტურული წრეების გახსნა, გამყოფ ხაზთან სიახლოვეს მდებარე სოფლებში ასევე უმნისვნელივანესი ფაქტორია, მასობრივი სპორტის ინოვაციურ, საგანმანათლებლო პროექტთან ერთად, რადგან კონფლიქტით დაზარალებულ ბავშვებს მასობრივი განვითარების შესაძლებლობები გაუჩნდებათ“, – განაცხადა გიორგი სამხარაძემ.