გიორგი სამხარაძე - „შავი ლომის“ თამაშს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 500-მდე ბავშვი დაესწრება #1TVSPORT
გიორგი სამხარაძე - „შავი ლომის“ თამაშს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები 500-მდე ბავშვი დაესწრება #1TVSPORT

კონფლიქტის ზონის სოფლებში მცხოვრები ბავშვები დღეს საერთაშორისო სარაგბო მატჩს დაესწრებიან, რომელშიც „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან სპორტულ-სამშვიდობო პროექტების საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ყოფილმა საფეხბურთო არბიტრმა, გიორგი სამხარაძემ განაცხადა.

„მიხარია, რომ კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ბავშვებს პირველად ექნებათ საშუალება, ორგანიზებულად დაესწრონ საერთაშორისო შეხვედრას. ეს რაგბის კავშირისა და თავდაცვის სამინისტროს დამსახურებაა, რომლებმაც ჩვენს წინადადებას მხარი დაუჭირეს.

რაგბის კავშირიდან ჩართულები არიან პრეზიდენტი სოსო ტყემალაძე და აღმასრულებელი დირექტორი თორნიკე გოგებაშვილი. თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის ბრძანებით კი სამინისტრომ გამოყო ავტობუსები კონფლიქტით დაზარალებული ზონის მცხოვრებთათვის.

რაგბის კავშირი ბავშვებს გადასცემს მომგებიან დასასწრებ ბილეთებს, მანამდე კი განათლების სამინისტროს მხარდაჭერით მოეწყო საინფორმაციო შეხვედრები გამყოფ ხაზთან არსებული საჯარო სკოლების დირექტორებთან. სულ შეხვედრას საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები 500 ბავშვი და პედაგოგი იხილავს ტრიბუნიდან. ბავშვებისთვის ეს პირველი შემთხვევაა, ზოგიერთი სტადიონზე არცაა ნამყოფი და ეს მათთვის დიდი მუხტი იქნება“, – ამბობს გიორგი სამხარაძე.

20 იანვარს „შავი ლომი“ ჩელენჯ თასის გათამაშების ბოლო ტურის მატჩს გამართავს ფრანგული „კლერმონის“ წინააღმდეგ. შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე 17:00 საათზე დაიწყება.