ირაკლი მეძმარიაშვილი - მინდა, მოგიწოდოთ, დასხედით მანქანებში, საარჩევნო უბნებში მიბრძანდით და ხმა სალომე ზურაბიშვილს მიეცით
ირაკლი მეძმარიაშვილი - მინდა, მოგიწოდოთ, დასხედით მანქანებში, საარჩევნო უბნებში მიბრძანდით და ხმა სალომე ზურაბიშვილს მიეცით

წარმოუდგენელია, რომ 600 00 კაცი გამოვიდა და მხარი დაუჭირა მიხეილ სააკაშვილს, რომელიც ქვეყნის მოსახლეობას ბიძამისთან ერთად ლანძღავს და აგინებს, – ამის შესახებ საზოგადოება „თბილისელის“ გამგეობის თავმჯდომარემ, ირაკლი მეძმარიაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„გამოდის, რომ 600 000 კაცი, რომელმაც ხმა მიხეილ სააკაშვილს მისცა, ის ხალხია, ვინც შეგინებას იტანს და იღებს. ეს ძალიან რთული მომენტია და ქართველისთვის ძალიან რთული ასახსნელია, რომ შენ გაგინებენ, მაგრამ მიდიხარ და მაინც თვალებში შესციცინებ. ეს გაუგონარი და მიუღებელი ამბავია“, – განაცხადა მეძმარიაშვილმა.

ირაკლი მეძმარიაშვილმა იმ ამომრჩევლებს მოუწოდა, რომლებიც „ქართულ ოცნებაზე“ არიან გაბრაზებული და არჩევნებში ამიტომ არ მონაწილეობენ.

„მინდა, მოგიწოდოთ, დასხედით მანქანებში, საარჩევნო უბნებში მიბრძანდით და ხმა სალომე ზურაბიშვილს მიეცით“, – განაცხადა მეძმარიაშვილმა. 

მისი თქმით, ექვსი წლის განმავლობაში რაღაცები გაკეთდა, მაგრამ ძირითადი რაღაცები არ გაკეთდა, რაც უნდა გაკეთებულიყო და ხალხი ამიტომ არის უკმაყოფილო.

„ხალხი უკმაყოფილოა და ეს 1%-იანი სხვაობა ამიტომ არის. „ქართული ოცნება“ უნდა დაფიქრდეს და ხალხს ჰკითხოს, რა არ მოსწონთ. მანქანებიდან ჩამოვიდნენ, ქუჩაში გავიდნენ, ხალხს დაელაპარაკონ და იმ დაპირებებს მიუახლოვდნენ მაინც, რა დაპირებებითაც მოვიდნენ. აღადგინონ სამართლიანობა და ადამიანებს, რომლებიც იმ დროს დაიჩაგრნენ, ქონება დაუბრუნონ“, – განაცხადა მეძმარიაშვილმა.

ამ განცხადებით ირაკლი მეძმარიაშვილმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ დადგა არჩევნების პირველ ტურში შედეგი, როცა სალომე ზურაბიშვილსა და გრიგოლ ვაშაძეს შორის მხოლოდ 1%-იანი სხვაობა დაფიქსირდა, რა შეცდომები დაუშვა ხელისუფლებამ და რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის გამოსასწორებლად.