ირაკლი ლექვინაძე - ვსწავლობთ ინფორმაციას თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის გაზრდასთან დაკავშირებით, პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ გვეცოდინება, დავიწყებთ თუ არა მოკვლევას
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასების მკვეთრად გაზრდის საკითხთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია აქვთ.
მისივე თქმით, კონკურენციის სააგენტო პირველად მონაცემებს ამუშავებს და კომპანიების პოზიციებს სწავლობს.
როგორც ირაკლი ლექვინაძე ამბობს, იმ შემთხვევაში, თუ დაიწყება მოკვლევა და დადგინდება, რომ ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან კანონი დაირღვა, მათ მიმართ შესაბამისი სანქციები იქნება გამოყენებული.
„კონკურენციის ეროვნული სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაშია ჯანდაცვის სამინისტროსთან. ჩვენ ვსწავლობთ და წინასწარ ინფორმაციას ვაფასებთ იმ კონკრეტულ მედიკამენტებზე, რომელთა ფასიც მკვეთრად გაიზარდა და მათი ჩამნაცვლებელი მედიკამენტების ბაზარზე მოქმედი კომპანიების პოზიციებს ვსწავლობთ. იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტულ მედიკამენტებზე და მათ ურთიერთჩამნაცვლებელ მედიკამენტებზე დომინანტური პოზიციები გამოვლინდება, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია, იმოქმედოს მოკვლევის მიმართულებით და ეს არის მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების შესაძლო შემთხვევა. პირველადი მონაცემების დამუშავების შემდეგ გვეცოდინება, გვექნება თუ არა გადაწყვეტილება მოკვლევის დაწყების შესახებ და რამდენად არის თავსებადი ქმედება კონკურენციის შესახებ საქართველოში მოქმედ კანონმდებლობასთან. ბუნებრივია, ამის თაობაზე შესაბამისი დასკვნაც მომზადდება. იმ შემთხვევაში, თუ მოკვლევას დავიწყებთ და მოკვლევა იტყვის, რომ მოხდა კანონდარღვევა, დამრღვევი კომპანიების მიმართ გათვალისწინებულია შესაბამისი სანქციები ხუთ პროცენტამდე ფინანსური ბრუნვის მოცულობით, მათი ფინანსური მონაცემებიდან გამომდინარე. ეს არის პროცესი, რომელიც შეიძლება, განხორციელდეს“, – განაცხადა ლექვინაძემ.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ გუშინ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კომპანიების ნაწილმა თურქეთიდან იმპორტირებულ წამლებზე ფასები ხელოვნურად გაზარდა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილის ღირებულებას გაუთანაბრა.