ირაკლი ლექვინაძე - ანტიდემპინგური ღონისძიების მიზანია იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა
15-16 მაისს, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინიცირებით და ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების მხარდაჭერის პროექტის (AA Facility) ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიებების შემოღების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილებების პროექტებთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
ღონისძიება გახსნა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ.
„ანტიდემპინგური ღონისძიების შესახებ საქართველოს კანონის მიზანია ადგილობრივი ინდუსტრიის დაცვა დემპინგური იმპორტით მიყენებული ზიანისგან, იმპორტიორი და ადგილობრივი მწარმოებლებისთვის სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფა. კანონი ძალაში 2021 წლიდან შევიდა და სააგენტო განაცხადების მიღებას პირველი ივნისიდან დაიწყებს. შესაბამისად, ჩვენი დღევანდელი შეხვედრის მიზანი, რომელიც ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით იმართება – მხარეთა ინტერესების მაქსიმალური გაზიარება და რიგი პროცედურული თუ იურიდიული საკითხების დეტალური დამუშავებაა. მადლობა მონაწილეობისთვის თითოეულ წარმომადგენელს. აღნიშნული კანონმდებლობა საქართველოს რეალობისთვის სიახლეა და ინფორმაციის გაზიარების მიზნით, დიალოგის ფორმატში, სხვადასხვა სამიზნე ჯგუფებთან მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
კონკურენციის სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო შეხვედრაზე სამი კანონქვემდებარე აქტის პროექტის განხილვა გაიმართა: „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების მიზნით შესწავლის განხორციელების წესი და პროცედურები“, „საქართველოს მთავრობის მიერ ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისა“ და „ანტიდემპინგური ტარიფის ადმინისტრირების წესები“.
მათივე ცნობით, ორდღიანი შეხვედრა, ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დისკუსიის, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. ღონისძიებაში მონაწილეობდნენ – საქართველოს პარლამენტის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, ბიზნესომბუდსმენის აპარატის, კერძო სექტორის, 20-მდე დარგობრივი ასოციაციის და კონკურენციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა, მარიამ გაბუნიამ და კონკურენციის სააგენტოს ანტიდემპინგური ღონისძიების დეპარტამენტის უფროსმა, ნიკა სერგიამ.
საერთაშორისო პრაქტიკისა და გამოცდილების გაზიარების მიზნით, AA Facility-ის მხარდაჭერით, უახლოეს მომავალში, აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომლებისათვის უცხოელი ექსპერტის ხელმძღვანელობით, ჩანიშნულია ორდღიანი ტრენინგის ჩატარება, რაზე დასწრების სურვილიც ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა შეხვედრისას დააფიქსირეს.