ირაკლი ლექვინაძე აცხადებს, რომ ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მოთხოვნა სამართლიანი და ობიექტურია
ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლების მოთხოვნას სამართლიანს უწოდებს.
როგორც მან განმარტა, საკითხზე კონსულტაციები რამდენიმე კვირის წინ დაიწყო, მსგავსი ტიპის შეფერხება კი, პირველად მოხდა.
„თემა ეხება ცემენტის დასამზადებლად საჭირო ნედლეულის კლინკელის საბაჟო გამშვებ პუნქტებზე გაჩერებას შემოწმების მიზნით. ჩვენი ჩართულობით, რიგი საკითხები გადაიჭრა. გარკვეული პროდუქციის შემოწმება, რომელიც შეფერხებული იყო, დროულად მოხდა. რამდენიმე ვაგონი ისევ გაჩერებულია სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე. მწარმოებელთა მოთხოვნა, რომ დროულად შემოწმდეს ნედლეულის ხარისხი, სამართლიანია, რადგან დროში გაწელილი პროცესი დაკავშირებულია დამატებით ჯარიმებთან იმპორტიორებისთვის“, – განაცხადა ლექვინაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პროდუქციით მარაგდება ბევრი ადგილობრივი მწარმოებელი და მათ დეფიციტი ექმნებათ.
„მათი მოთხოვნა არის ობიექტური. ბაზარზე უნდა იყოს სამართლიანი ვაჭრობის წესები და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც ამ პრინციპის დარღვევას გულისხმობს, მიუღებელია. ბუნებრივია, სადაც დავინახავთ მსგავსი ტიპის მოქმედებას, ვიქნებით ბიზნესის მხარდამჭერი“, – განაცხადა მან.
ამავე დროს, მისი თქმით, ცემენტის ხარისხის კონტროლიც მნიშვნელოვანია.
„როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მწარმოებლებიც არ ეწინააღმდეგებიან ცემენტის ხარისხის შემოწმებას. მათი მოთხოვნაა, შემოწმდეს არა კლინკერი, რომლითაც ცემენტი მზადდება, არამედ თავად ცემენტი. აქ უფრო მნიშვნელოვანია ხარისხის პრინციპის დაცვა. ამ მოთხოვნას ბიზნესომბუდსმენიც იზიარებს“, – განაცხადა მან.
ირაკლი ლექვინაძის ინფორმაციით, მთავრობის წარმომადგენლები, დაინტერესებული მხარეები და ბიზნესომბუდსმენი ამ თემაზე მიმდინარე კვირის ბოლომდე იმსჯელებენ.
ცემენტის ადგილობრივი მწარმოებლები 22 აგვისტოდან საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ, თუმცა გეგმები მას შემდეგ შეცვალეს, რაც გაიგეს, რომ საკითხით პრემიერი დაინტერესდა.