ირაკლი კოვზანაძე - არის გარკვეული გამოწვევები, თუმცა ბიუჯეტში ასახულია ყველა სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა
ირაკლი კოვზანაძე - არის გარკვეული გამოწვევები, თუმცა ბიუჯეტში ასახულია ყველა სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის სერიოზული განხილვა გაიმართება.

კოვზანაძის თქმით, არსებობს გარკვეული გამოწვევები, ვინაიდან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია, რაც აისახება ბიუჯეტზეც.

თუმცა, მისივე განმარტებით, ბიუჯეტში ასახულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა.

„შეცვლილია ყველა ეკონომიკური პარამეტრი, მათ შორის მაკროეკონომიკური პარამეტრები. დეფიციტია 7.6 პროცენტი, მთავრობის ვალი აჭარბებს 60-პროცენტიან ზღვარს, რაც პირველადაა. აქედან გამომდინარე, გვექნება სერიოზული განხილვა. ვაპირებთ, რომ კომიტეტში სკრუპულოზულად განვიხილოთ ყველა მუხლი. მოვიწვევთ თითოეული სამინისტროს წარმომადგენელს, ასევე ეროვნულ ბანკს და მოვისმენთ მათ მოსაზრებებს. ვფიქრობთ, არის გარკვეული გამოწვევები, ვინაიდან მაკროეკონომიკური ფონი საკმაოდ დამძიმებულია ქვეყნის წინაშე და ეს აისახება ბიუჯეტზეც, მაგრამ ბიუჯეტში ასახულია ყველა ის სოციალური დახმარება და პაკეტი, რაც ხელისუფლებამ გამოაცხადა. ასიგნენები არის თითქმის 18.4 მილიარდი ლარი, რაც 2.5 მილიარდი ლარით მეტია, ვიდრე წელს იხარჯება“, – განაცხადა კოვზანაძემ „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის შემდეგ.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის გადამუშავებული პროექტი საკონმდებლო ორგანოში უკვე შესულია და ის პარლამენტმა წლის ბოლომდე უნდა დაამტკიცოს.