ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, რამდენად აბსურდულია რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი, უკვე მესამე შემთხვევაა, აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება
ირაკლი კობახიძე - წარმოუდგენელია, რამდენად აბსურდულია რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი, უკვე მესამე შემთხვევაა, აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერავითარი ფასი ვერ ექნება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ევროპარლამენტის რეზოლუციაში აბსურდულ ჩანაწერებს ვერავითარი ფასი ვერ ექნება.

„ასეთი აბსურდულობის ხარისხი შეშურდებოდა საბჭოთა კავშირის უზენაეს საბჭოსაც კი. წარმოუდგენელია უბრალოდ, რამდენად აბსურდულია ის რეზოლუციები, რომლებსაც იღებს ევროპარლამენტი. უკვე მესამე შემთხვევაა და ეს მესამე კიდევ უფრო აბსურდულია, ვიდრე მისი წინა ორი ვარიანტი. აქედან გამომდინარე, აბსურდულ რეზოლუციას ჩვენთვის ვერ ექნება ვერავითარი ფასი, მით უმეტეს, რომ არც პირველი და არც მეორე რეზოლუცია არ გაუზიარებია არც ევროპულ კომისიას, არც ევროპულ საბჭოს“, – აღნიშნა კობახიძემ.

ამასთან, კობახიძის თქმით, ევროპარლამენტართა მხრიდან ხდება თავდასხმა საქართველოს ეროვნულ ინტერესებზე, რასაც სათანადო პასუხი სჭირდება.

„როცა ევროპარლამენტარები თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს, ჩვენ გვჭირდება ჩვენი სახელმწიფოს და მისი ინტერესების დაცვა. ეს არის მხოლოდ პასუხი. რა თქმა უნდა, თავდასხმაა, მით უმეტეს, როცა სიცრუეზეა აგებული ასეთი ჩანაწერები, ეს არის ცალსახად თავდასხმა ჩვენს ეროვნულ ინტერესებზე. როცა ვიღაც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ესხმის თავს, ამას სჭირდება სათანადო პასუხი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ეროვნული ინტერესები ვერ იქნება დაცული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გარდა ამისა, ირაკლი კობახიძეს კითხვა დაუსვეს ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, მისი პატიმრობა იმოქმედებს თუ არა ევროინტეგრაციის გზაზე. კობახიძის თქმით, არ შეიძლება, სამართლის უზენაესობამ უარყოფითად იმოქმედოს ევროინტეგრაციაზე.

„უბრალოდ, არ შეიძლება, საქართველო უნდა იყოს, არის და უნდა დარჩეს სამართლებრივ სახელმწიფოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამავდროულად, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ნიკა გვარამია პოლიტპატიმარი არ არის, არამედ მან ჩაიდინა კონკრეტული დანაშაული და ამის გამო იხდის სასჯელს.