ირაკლი კობახიძე - უკრაინის გარშემო დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის კავშირი არ არსებობს, სტატუსთან დაკავშირებით განხილვა წელსაც განცალკევებულად მოხდება
ირაკლი კობახიძე - უკრაინის გარშემო დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის კავშირი არ არსებობს, სტატუსთან დაკავშირებით განხილვა წელსაც განცალკევებულად მოხდება

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უნგრეთის ევროპულ საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბარნა სჟიგმონდთან შეხვედრაზე კანდიდატის სტატუსის საკითხსა და ევროინტეგრაციაზე ისაუბრეს.

კობახიძის თქმით, უნგრული მხარისგან მყარი მხარდაჭერა მიიღო.

„საუბარი გვქონდა ევროინტეგრაციაზე, კანდიდატის სტატუსის თემაზე. უნგრული მხარისგან კიდევ ერთხელ მყარი მხარდაჭერა მივიღეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნგრელი პარტნიორების მუდმივი თანადგომა გვექნება. განვიხილეთ ყველა საკითხი, რაც სტატუსის მიღებას ეხება. კიდევ ერთხელ შეგვიძლია, გამოვხატოთ რწმენა, რომ ერთ კვირაში მოგვენიჭება სტატუსი და უნგრეთისგან მყარი მხარდაჭერა გვექნება. მიმოვიხილეთ გასულ წელს მომხდარი მოვლენები, რაც ქვეყანაში ვითარდებოდა. საბოლოო ჯამში, ყველა თანხმდება, რომ საქართველოს შარშანაც ეკუთვნოდა სტატუსი. ყველა თვალსაზრისით, საქართველო არის მოწინავე ქვეყანა, ეს ეხება დემოკრატიულ განვითარებას, ეკონომიკურს და უსაფრთხოებას. შარშანაც ვიმსახურებდით და წელსაც ვიმსახურებთ სტატუსს. იმედი გვაქვს, წელს სამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რეალურად, არ არსებობს კავშირი უკრაინის გარშემო განვითარებულ დისკუსიასა და საქართველოს საკითხს შორის. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ სტატუსი და განცალკევებულად განიხილებოდა, წელსაც განცალკევებულად მოხდება. ამიტომ უკრაინის საკითხის ჩვენს საკითხთან დაკავშირება სპეკულაციაა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.