ირაკლი კობახიძე - უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი შარშან, საქართველოს კი - არა, თუმცა ამ ორ საკითხს შორის კავშირი არავის დაუნახავს, წელსაც არავითარი კავშირი არ არსებობს
ირაკლი კობახიძე - უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი შარშან, საქართველოს კი - არა, თუმცა ამ ორ საკითხს შორის კავშირი არავის დაუნახავს, წელსაც არავითარი კავშირი არ არსებობს

უნგრელი მეგობრების, კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, უნგრეთში გამართულ შეხვედრებზე სხვადასხვა თემასთან დაკავშირებით საინტერესო დისკუსიები იყო.

„დასრულდა ვიზიტი უნგრეთში, რომელიც შედგა უნგრეთის ვიცე-პრემიერის მოწვევის საფუძველზე. შევხვდით თავად ვიცე-პრემიერს, ასევე შევხვდით პარლამენტში შესაბამისი თანამდებობის პირებს, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, ევროპულ საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელს. ასევე შეხვედრა გვქონდა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. შეხვედრებზე ძალიან საინტერესო დისკუსიები იყო ყველა თემაზე, რომელიც უკავშირდებოდა ორმხრივ თანამშრომლობას, საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. უნგრელი მეგობრების, კოლეგების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ძალიან მყარი მხარდაჭერა. უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების თვალსაზრისით, ასევე, ზოგადად, ევროინტეგრაციის გზაზე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იყო თუ არა შეხვედრებზე ხაზგასმული, რომ კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ერთი წლის წინ საქართველოს დამსახურებულად არ მოექცნენ, კობახიძემ აღნიშნა:

„კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უნგრეთის ხელისუფლების პოზიცია ნათელია. ამაზე თავად პრემიერმა, ვიქტორ ორბანმაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ გაკვირვებული იყო ყველა, როცა შარშან საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ მიენიჭა. რა თქმა უნდა, ობიექტურად საქართველო კანდიდატის სტატუსს იმსახურებდა შარშანაც და იმსახურებს წელსაც. ადამიანი ობიექტური კრიტერიუმების მიხედვით როცა აფასებს არსებულ ვითარებას, ბუნებრივია, უალტერნატივოა, რომ ქვეყანას ეკუთვნოდა და ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი. შესაბამისად, იმედი გვაქვს, მომავალ კვირაში საბოლოოდ იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება საქართველოს სასარგებლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, როგორც კობახიძემ განაცხადა, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით უკრაინის საკითხის საქართველოსთან დაკავშირება საფუძველს მოკლებულია.

„უკრაინის საკითხის დაკავშირება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან აბსოლუტურად საფუძველს მოკლებულია. სპეკულაციური განცხადებებია, რაც ოპოზიციის, მათი მედიასაშუალებების მხრიდან გვესმის. არავითარი კავშირი არ არის უკრაინის საკითხსა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას შორის. გახსოვთ, შარშან უკრაინას და მოლდოვას მიენიჭათ კანდიდატის სტატუსი, საქართველოს – არა, თუმცა მაშინ ამ ორ საკითხს შორის კავშირი არავის დაუნახავს. წელსაც არავითარი კავშირი არ არის. ცალკე განიხილება უკრაინის საკითხი, მოლდოვის საკითხი, ცალკე განიხილება საქართველოს საკითხი. ევროკომისიამ გასცა დადებითი რეკომენდაცია იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი. ეს უნდა იყოს მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი, რომლის საფუძველზეც ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს დადებითი გადაწყვეტილება. იმედი გვაქვს, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.