ირაკლი კობახიძე - ტინი კოქსს პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს, აქედან გამომდინარე, ის იყო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი
ირაკლი კობახიძე - ტინი კოქსს პოლიტიკურ პროცესებზე ყოველთვის სწორი პოზიცია აქვს, აქედან გამომდინარე, ის იყო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტობის ღირსეული კანდიდატი

მინდა, ტინი კოქსს მივულოცო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პოსტზე ხელმეორედ არჩევა. ჩვენი პოზიცია იყო მისთვის მხარდაჭერის გამოცხადება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, ტინი კოქსს მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით ყოველთვის პრინციპული და სწორი პოზიცია აქვს.

„ჩვენ მას მხარი დავუჭირეთ კენჭისყრის დროს. მას აქვს ყოველთვის ძალიან პრინციპული და სწორი პოზიცია ყველა იმ თემასთან დაკავშირებით, რომლებიც არის დაკავშირებული მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან, უკრაინაში მიმდინარე პროცესებთან. აქედან გამომდინარე, ის იყო ღირსეული კანდიდატი“, – განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, ირაკლი კობახიძემ განმართა, რატომ არ დაუჭირეს მხარი მეორე კანდიდატს, ალექსანდრ მერეჟკოს.

„მიზეზი იყო ორი: ერთი ის, რომ ერთგვარად დაირღვა პრაქტიკა, რომელიც იყო ჩამოყალიბებული წლების მანძილზე საპარლამენტო ასამბლეაში, განმეორებით ხდება ხოლმე პრეზიდენტის მეორე ვადით არჩევა ყოველგვარი დამატებითი პროცედურების გარეშე; მეორე – ალტერნატიული კანდიდატი იყო მხარდამჭერი იმ რეზოლუციისა, რომელშიც გაკეთდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგო ჩანაწერები, მათ შორის სააკაშვილთან დაკავშირებით. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვქონდა ორი მიზეზი, რატომაც არ დავუჭირეთ მხარი ალტერნატიულ კანდიდატურას“, – განაცხადა კობახიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტად, უკვე მეორედ, ტინი კოქსი აირჩიეს. კოქსის კანდიდატურას 175-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. პრეზიდენტობის მეორე კანდიდატი უკრაინელი ალექსანდრ მერეჟკო იყო, რომელმაც 44 ხმა მიიღო.