ირაკლი კობახიძე - სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე, საქართველოს მყინვარულ ხეობებში არსებული საფრთხეები შეფასდება
ირაკლი კობახიძე - სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე, საქართველოს მყინვარულ ხეობებში არსებული საფრთხეები შეფასდება

მნიშვნელოვანი ღონისძიებები გვქონდა გარემოს დაცვის მიმართულებით, შემუშავდა ჰიდრომეტეოროლოგიური საფრთხეების რუკები მთელი ქვეყნის ტერიტორიისთვის, დასრულების ეტაპზეა გეოლოგიური საფრთხეების რუკები, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში 11 მეწყრულ ლოკაციაზე მოეწყო თანამედროვე მონიტორინგის სისტემები.

„დღეისთვის სხვადასხვა ტიპის გეოლოგიური მონიტორინგი ხორციელდება 18 მეწყრულ ლოკაციაზე. გაფორმდა ხელშეკრულება შვეიცარიელ ექსპერტებთან, საქართველოს მყინვარულ ხეობებში შეფასდება არსებული საფრთხეები, რის შედეგადაც მაქსიმალურად შერბილდება კლიმატის ცვლილების შედეგად გამოწვეული შესაძლო სტიქიური მოვლენებით გამოწვეული უარყოფითი შედეგები. გაფართოვდა ატმოსფერული ჰაერისა და წყლის ხარისხის მონიტორინგის ქსელი, საანგარიშო პერიოდში ამოქმედდა რვა სტაციონარული და ერთი მობილური ახალი ავტომატური სადგური. ამჟამად საქართველოს რვა ქალაქში ფუნქციონირებს 18 ავტომატური სადგური. საანგარიშო პერიოდში, ევროკავშირის წყლის ჩარჩო დირექტივის შესაბამისად, წყლის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდებოდა საქართველოს მდინარეებისა და ტბების 236 წერტილში; დეგრადირებული ტყის მასივების აღდგენის მიზნით გასულ წელს ტყის აღდგენის სამუშაოები განხორციელდა 1679 ჰა ფართობზე; შეიქმნა 15 ათას ჰა ფართობზე მეტი ახალი დაცული ტერიტორია; მიმდინარეობს 690 კმ-მდე სიგრძის საფეხმავლო ბილიკების ქსელის მოწყობის სამუშაოები რვა დაცულ ტერიტორიაზე. ორ დაცულ ტერიტორიაზე დასრულდა ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, ხოლო რვა დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარეობს ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია. ესეც არასრული ჩამონათვალია იმ ღონისძიებებისა, რომლებიც ხორციელდება გარემოს დაცვის მიმართულებით“, – აღნიშნა პრემიერმა.