საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე შვედეთის პარლამენტის (რიკსდაგი) თავმჯდომარე ურბან ალინს და რიკსდაგის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობების შესახებ ისაუბრეს და თანამშრომლობის სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გააქტიურებაში განსაკუთრებული როლი აქვს მჭიდრო საპარლამენტთაშორისო ურთიერთობას, რაც მხარეების შეფასებით, დინამიურად ვითარდება.
ასევე აღინიშნა, რომ საქართველოს პარლამენტი და რიკსდაგი აქტიურად ითანამშრომლებენ გამოცდილების გაზიარების მიმართულებით, ასევე, ინტენსიურ ხასიათს შეიძენს გაცვლითი ვიზიტებიც. საუბარი შეეხო საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს, რომლებიც, ირაკლი კობახიძის თქმით, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას გულისხმობს.
მხარეებმა ისაუბრეს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებების შესახებაც. ურბან ალინმა დაადასტურა, რომ შვედეთის სამეფო მტკიცედ უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის დასავლურ მისწრაფებებს და აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას საერთაშორისო ფორმატებში. მხარეები მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
„დღეს შვედეთის სამეფოში ჩვენი ოფიციალური ვიზიტი დაიწყო. გავმართეთ სამი მნიშვნელოვანი შეხვედრა. შევხვდით შვედეთის მეფეს, პარლამენტის თავმჯდომარეს და საგარეო საქმეთა მინისტრს. შეხვედრებზე განვიხილეთ საქართველოსა და შვედეთს შორის თანამშრომლობის საკითხები, ვისაუბრეთ ასევე, შვედეთის მხარდაჭერაზე, რომელსაც ის აღმოუჩენს ჩვენს ქვეყანას გასული წლების განმავლობაში. მადლობა გადავუხადეთ ამ მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ ჩვენს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, რომელიც დაკავშირებულია ევროპულ ინტეგრაციასთან, ნატოში ინტეგრაციასთან და მადლობა გადავუხადეთ ჩვენს შვედ მეგობრებს მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.
ირაკლი კობახიძემ, დელეგაციასთან ერთად, შვედეთის პარლამენტის შენობა დაათვალიერა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.