ვოლფანგ სობოტკა - საქართველოში ვიმყოფებით, რათა მოვისმინოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ
ვოლფანგ სობოტკა - საქართველოში ვიმყოფებით, რათა მოვისმინოთ, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ დაგეხმაროთ ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, მოვუწოდებთ ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ

ავსტრიის პარლამენტის თავმჯდომარის, ვოლფანგ სობოტკას განცხადებით, სლავკოვის ფორმატში საქართველოში ვიზიტით სურთ, გამოხატონ მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, აგრეთვე, ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ საქართველოს მისწრაფებასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, მოუწოდებენ საქართველოში ყველა მხარეს თანამშრომლობისკენ, რომ მიჰყვენ გზას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

„პატივცემულო თავმჯდომარევ, ჩვენთვის დიდი პატივია, რომ აქ ვიმყოფებით. ჩვენ ჩამოვედით სლავკოვის ფორმატში. უპირველეს ყოვლისა, გვინდა, გაჩვენოთ ჩვენი ერთიანი სოლიდარობა საქართველოს მიმართ და მხარი დავუჭიროთ თქვენს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას, აგრეთვე, საქართველოს მისწრაფებას ევროკავშირში გაერთიანებასთან დაკავშირებით. ჩვენ აქ ვართ, რათა მოვისმინოთ თქვენგან, რისი გაკეთება შეგვიძლია, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ გზაზე. ჩვენ გვინდა, ვითანამშრომლოთ თქვენთან და მოვუწოდებთ საქართველოს, ყველა მხარეს, სამოქალაქო საზოგადოებას, პოლიტიკურ ჯგუფებს, რომ ითანამშრომლონ, რათა ის გზა, რაც არის, აღიარონ გამორჩეულად და მიჰყვენ იმ გზას, რომელიც საჭიროა ევროკავშირში გასაწევრიანებლად.

აქ ჩამოსვლის მიზანია თანამშრომლობა ჩვენს ორ პარლამენტს, საქართველოსა და ავსტრიის პარლამენტებს შორის. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა მეგობრულ ჯგუფებს შორის. მოხარული ვარ, რომ ხელს ვაწერთ განზრახულობის წერილს, რომ აქ, საქართველოში იყოს დემოკრატიის განვითარება, რაც მნიშვნელოვანი საკითხია. ვფიქრობ, განზრახულობის ეს წერილი არის ფუნდამენტი შემდეგი თაობებისთვის, რომ საუკეთესოდ იღვაწონ, რათა უფრო სრულფასოვან დემოკრატიაში იცხოვრონ. ავსტრიაში გვქონდა ეს მოტივაცია, წლების განმავლობაში სულ უფრო მეტი სტუდენტი და ახალგაზრდობა მოდიოდა პარლამენტში ჩვენი დემოკრატიის შესასწავლად“, – განაცხადა ავსტრიის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს, სლოვაკეთისა და ჩეხეთის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ერთობლივ ბრიფინგზე.

საქართველოს დღეს ოფიციალური ვიზიტით სლავკოვის სამეულის: სლოვაკეთის, ავსტრიისა და ჩეხეთის რესპუბლიკების პარლამენტების თავმჯდომარეები ეწვივნენ.