ირაკლი კობახიძე - შეინიშნება ტენდენცია, თითქოს დავალებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს
შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ განსაკუთრებით რეგიონებში, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წევრებს, რაც იწვევს დაძაბულობას“- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ოზურგეთის საკრებულოში მომხდარი ინცინდენტის შეფასებისას, ირაკლი კობახიძემ კანონის შესაბამისად ქმედებაზე გაამახვილა ყურადღება და „ქართული ოცნების“ წევრებს მოუწოდა, პროვოკაციებს არ აჰყვნენ.
„გუშინ იყო სამწუხარო ინციდენტი ოზურგეთში, რაც მოჰყვა პროვოკაციას „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. ზოგადად, შეინიშნება გარკვეული ტენდენცია, თითქოს არის დავალება, რომ რეგიონებში განსაკუთრებით, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ცდილობენ, შეურაცხყოფა მიაყენონ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს, რაც იწვევს, რა თქმა უნდა, დაძაბულობას.
ყველას მოვუწოდებ, თავი შეიკავონ ასეთი პროვოკაციებისგან. რაც შეეხება ჩვენს აქტივისტებს, ჩვენი პარტიის წევრებს, მათ მოვუწოდებთ, რომ მაქსიმალურად შეიკავონ თავი ყოველგვარი ასეთი ქმედებებისგან, მაქსიმალურად სცადონ, რომ არ აჰყვნენ პროვოკაციებს. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა ვიმოქმედოთ კანონის შესაბამისად – ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ამისკენ მოვუწოდებთ ყველა იმ ადამიანს, რომელიც ცდილობს, ან პროვოკაციები განახორციელოს, ან რომელიც შეიძლება, პროვოკაციებს წამოეგოს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
ოზურგეთის საკრებულოში ინციდენტი გუშინ მოხდა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატის ცემის ფაქტზე ბრალი „ქართული ოცნების“ დეპუტატს წარედგინა.
პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ გუშინ ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრობის“ პროვოკაციული და დესტრუქციული ქმედებების ნაწილად შეაფასა. ამის შესახებ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.