ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია, თავი მოვიწონოთ მიღწევებით, რომლებიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში, ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე
ირაკლი კობახიძე - შეგვიძლია, თავი მოვიწონოთ მიღწევებით, რომლებიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში, ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე

ყველას კარგად გახსოვთ, რა ვითარება იყო სასჯელაღსრულების სისტემაში 2012 წლამდე. მით უმეტეს, ამ ფონზე და ამ ფონის მიღმაც, ჩვენ შეგვიძლია თავი მოვიწონოთ იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს პენიტენციურ სფეროში, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პენიტენციური სისტემის ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია.

„მინდა, ჩამოვთვალო ბოლო დროის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები: დაბა ლაითურში დასრულდა უმაღლესი ევროპული სტანდარტების, 700 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა; რუსთავში მიმდინარეობს მცირე ზომის, 150 მსჯავრდებულზე გათვლილი პენიტენციური დაწესებულების მშენებლობა, სრულად განახლდა პენიტენციურ დაწესებულებებში სპორტული მოედნები და ინფრასტრუქტურა, 2023 წლის ივნისიდან პენიტენციურ დაწესებულებებში დაიწყო იუსტიციის სახლების გახსნა. გაიხსნა საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზა, გრძელდება რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების გაძლიერება; პენიტენციურ დაწესებულებებში რეგულარულად ტარდება სპორტული ფესტივალები, მწვრთნელთა და ინსტრუქტორთა კვალიფიკაციის ამაღლება-გადამზადებისა და დასაქმების პროგრამები. ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში შეძენილ იქნა ახალი სამედიცინო აპარატურა. გრძელდება საჭიროებათა გამოვლენა და სამედიცინო პუნქტების აღჭურვა. დამატებით 20 ადგილას განთავსდა პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და სერვისების უზრუნველყოფის ინოვაციური მოწყობილობა PROBBOX-ი. ყველა ხედავთ, რა იყო „პრიორიტეტები“ 2012 წლამდე და რა პრიორიტეტებით მოქმედებს საქართველოს მთავრობა დღეს, როდესაც საქმე ეხება სასჯელაღსრულების სისტემას“, – აღნიშნა პრემიერმა.