ირაკლი კობახიძე - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, არც ერთი ორგანოს მუშაობაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს, ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ასახულია განცხადებაში
ირაკლი კობახიძე - საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ, არც ერთი ორგანოს მუშაობაში პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს, ეს არის ჩვენი სულისკვეთება და ასახულია განცხადებაში

მმართველი გუნდის წევრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნება“ და ოპოზიცია 120/30-ზე მოდელზე შეთანხმდა.

კობახიძის თქმით, მმართველ პარტიას ოთხშაბათამდე აქვს ვადა, რათა შესაბამისი კანონპროექტი დააინიციროს.

„მანამდე უკვე დეტალურად მომზადდება კანონპროექტი და მოხდება მისი ინიცირება საქართველოს პარლამენტში. მაქსიმუმ ოთხშაბათს ვფიქრობთ ინიცირებას, თუმცა არის იქ რაღაც დეტალები დასაზუსტებელი, შეიძლება ხვალ შეთანხმდეს, შეიძლება ზეგ და მაქსიმუმ ოთხშაბათს დაინიცირდება. თუმცა ეს შეიძლება ხვალ, ან ზეგაც მოხდეს“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, საარჩევნო სისტემის თაობაზე შეთანხმებაში 40-პროცენტიანი ჩამკეტი გათვალისწინებულია, თუმცა 120/30-ზე არის ის მოდელი, რომლის ფარგლებშიც ჩამკეტი აქტუალური შეიძლება, აღარც იყოს.

„ანუ, ეს არის რეალობა, თუმცა ჩვენი შეთანხმების თანახმად, ჩამკეტი მაინც უნდა მოქმედებდეს,როგორც მოგეხსენებათ, 40 პროცენტს უკავშირდება ეს ჩამკეტი და ასეთი სახით იქნება ასახული კონსტიტუციურ შესაბამის დებულებაში“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება პოლიტპატიმრების საკითხს, რომელსაც ოპოზიცია აყენებს, კობახიძე ამბობს, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ.

„ჩვენი მიდგომა ამასთან დაკავშირებით იცით, საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან, მითუმეტეს, როცა საუბარია მაგალითად 48 მილიონის მოპარვაზე, ამ საკითხს ჩვენ პოლიტიკურ ჭრილში ვერ განვიხილავთ, ეს არის არასწორი ეპითეტი, რომელსაც იყენებენ. იგივე ეხებათ იმ ადამიანებს, რომლებიც იჭრებოდნენ პარლამენტის შენობაში და ცდილობდნენ, რომ ხელისუფლება შეეცვალათ ძალადობის გზით. აქ ძალიან მარტივად არის საქმე, არიან კონკრეტული ორგანოები, რომლებსაც აქვთ კონკრეტული უფლებამოსილებები. ჩვენ განცხადების დონეზეც არ შეგვიძლია საკუთარი დამოკიდებულების დაფიქსირება ამ საკითხებთან დაკავშირებით, რადგან ეს იქნება პოლიტიკური ზეგავლენა აპოლიტიკურ ორგანოებზე.

შესაბამისად, როდესაც არის გარკვეული სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები, როდესაც საქმე ეხება მაგალითად პარლამენტში შეჭრის მცდელობას, როცა საქმე ეხება 48 მილიონის მოპარვას და ა.შ. აქ ჩვენ ვართ მოკლებული ყოველგვარ შესაძლებლობას, გავაკეთოთ რაიმე პოლიტიკური განცხადება, რადგან ეს იქნება გავლენა აპოლიტიკურ ორგანოებზე.

შესაბამისად, აქ ჩვენ სამართლებრივად ვართ მოკლებული ასეთ შესაძლებლობას. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო და ეს გვიწერია კონსტიტუციაში, მაშინ ასეთ პასუხებს ჩვენ, ბუნებრივია, უნდა მოვერიდოთ. ამასთან დაკავშირებით შეთანხმება არის უაღრესად ზოგადი სახის. ბუნებრივია, იქ ვერანაირი სახელები და გვარები ვერ დაფიქსირდება, ვერანაირი დანაშაულის კატეგორიები ვერ დაფიქსირდება და ვერანაირი ინსტრუმენტები ვერ დაფიქსირდება, იმიტომ, რომ ეს ინსტრუმენტები უკავშირდება ერთი მხრივ სამართალდამცავ ორგანოებს, მეორე მხრივ საქართველოს პრეზიდენტს.

ამიტომ შეთანხმება, ბუნებრივია, არის მაქსიმალურად ზოგადი. ზოგადი რომ არ ყოფილიყო, ჩვენ დავარღვევდით სამართლებრივ სახელმწიფოს პრინციპს და ჩვენც ძალიან კარგად ვიცით და დიპლომატებმაც ძალიან კარგად იციან, თუ რა არის სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის არსი. შესაბამისად, ეს შეთანხმება არის მაქსიმალურად ზოგადი“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძის განმარტებით, შეთანხმებაში წერია, რომ არც ერთი ორგანოს მუშაობაში არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა მოხდეს.

„ჩვენ, ბუნებრივია, აბსოლუტურად ვეთანხმებით იმ სულისკვეთებას, რომ არავითარი პოლიტიკური ჩარევა არ უნდა იყოს არც ერთი ორგანოს მუშაობაში. ეს არის ჩვენი სულისკვეთება და არის ასახული ამ განცხადებაში, ეს არის მისი შინაარსი. ამ ჩანაწერით უზრუნველყოფილი იქნება ის, რომ საქართველოს ხელისუფლება კვლავაც იმოქმედებს სამართლებრივი საფუძვლების პრინციპების შესაბამისად“ ,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.