ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს
ირაკლი კობახიძე - საქართველოს ხელისუფლება ქვეყანაში კორუფციას არ დაუშვებს

ყველა სათანადო ზომა უნდა იყოს მიღებული, რათა საქმეს მოეფინოს ნათელი, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლების ამოცანაა, თუ სადმე კორუფციასთან დაკავშირებით ეჭვი არსებობს, საქმით შესაბამისი ორგანოები დაინტერესდნენ.

„ძალიან ბევრი გვარი გაჟღერდა. ჩვენი ამოცანაა, რომ სადაც კითხვა არსებობს, იმ კითხვებზე ჩავეძიოთ და გავცეთ პასუხი. ქვეყანაში კორუფციას, ბუნებრივია, არ დავუშვებთ . აქედან გამომდინარე, თუ სადმე არსებობს ოდნავი ეჭვი მაინც კორუფციასთან დაკავშირებით, ეს არის შესაბამისი ორგანოების საქმე. ამაში აუცილებელია და საჭიროა ჩაძიება და საჭიროა კითხვებზე პასუხის გაცემა“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, შეიძლება თუ არა ამ გარიგების უკან ბიძინა ივანიშვილი იდგეს, კობახიძემ აცხადებს, რომ ეს აბსოლუტურად გამორიცხულია.

„ვიცი ბატონი ბიძინა ივანიშვილის პრინციპები და მისი მიდგომა საქმისადმი. ის არის სწორედ ის ადამიანი, რომელმაც უზრუნველყო ჩვენს ქვეყანაში ელიტური კორუფციის დამარცხება. ეს ელიტური კორუფცია საქართველოში ყვაოდა სწორედ 2012 წლამდე და სწორედ მისი პრინციპების წყალობით, რადიკალურად შეიცვალა ქვეყნის მართვის პრინციპები. ეს არის სწორედ ბიძინა ივანიშვილისა და მისი პრინციპების დამსახურება. რაც შეეხება ნებისმიერ დანარჩენ გვარს, აქ არის ეს საქმე ჩასაძიებელი სამარათალდამცავი ორგანოების მხრიდან და ჩვენ პარლამენტი, ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, რა თქმა უნდა, ასევე დავინტერესდებით ამ საქმით.

21 სექტემბერს გავრცელდა ფარული ჩანაწერი, სადაც სავარაუდოდ, სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი და „ომეგა ჯგუფის“ მენეჯმენტის წარმომადგენლები საუბრობენ. ჩანაწერის მიხედვით, ყიფიანი ორი მინისტრის  ნოდარ ხადურისა და დიმიტრი ქუმსიშვილისთვის ავტომობილებს ითხოვს.

ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ დაფინანსების წყაროს შეზღუდვაზე განცხადების გავრცელების შემდეგ, ფარული ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა, რომელშიც ლევან ყიფიანი ფიგურირებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.

ტელეკომპანია „იბერიამ“ განცხადება 7 სექტემბერს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.