ირაკლი კობახიძე - საქართველოს ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილი თავს ესხმის გერმანიის ელჩს და ახსენებს გერმანელებს წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ
დღეს იყო კიდევ ერთი თავდასხმა გერმანიის ელჩზე – ადამიანი, საქართველოს ერთ-ერთი ევა ბრაუნი, თამარ ჩერგოლეიშვილს ვგულისხმობ, იმ ფაშისტური ცხრაწლიანი რეჟიმის ერთ-ერთი შემოქმედის მეუღლე, ახსენებს გერმანელებს იმ მძიმე წარსულს, რაც მათ ძალიან კარგად ახსოვთ, – ამის შესახებ უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისივე თქმით, თავდასხმები ელჩებზე არის უმძიმესი მოვლენა, მით უმეტეს, ფორმის გათვალისწინებით.
„რაც შეეხება თავდასხმას ამერიკის ელჩზე, ევროკავშირის ელჩზე, ეს არ არის ერთი პრობლემური მედია მფლობელის ფანტაზიის ნაყოფი, ამის უკან დგას კონკრეტული პოლიტიკური ძალა. ეს ადამიანიც, ვინც პირველი გამხმოვანებელია ამ მესიჯების, ნიკა გვარამია, არის ბუნებრივია, ამ პოლიტიკური ძალის, „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი გამოკვეთილი ლიდერი, მგრამ მთავარი, ვინც დგას ამ ორკესტრირებული და ორგანიზებული თავდასხმის უკან, არის გაკოტრებული პოლიტიკოსი გიგა ბოკერია. ეს არის მისი იდეები და სწორედ ამის ხორცშესხმა ხდება საბოლოო ჯამში, პირველ რიგში ნიკა გვარამიას მიერ და „ნაცმოძრაობის“ მთელი აქტივის მხრიდან. კონკრეტული პარტიები, „ლელოს“ და „გირჩის“ ლიდერები გამოდიან და ამბობენ, რომ მიუღებელია ასეთი თავდასხმები. მიუღებელი როა და სხედან ბოკერიას, გვარამიას და ბურჯანაძის გვერდით, აქ სად არის სტანდარტები და და პრინციპები. სწორედ იქიდან ჩანს, რომ სიტყვით ემიჯნებიან, მაგრამ საქმეში არიან აბსოლუტურად ერთად. შესაბამისად საზოგადოება ყველაფერს ხედავს“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ტაბულას“ დამფუძნებელმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში „უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით“.
„არადა, გერმანიის ელჩი წესით უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, მით უმეტეს სხეულის ნაწილების დაწვაზე“, – წერს ჩერგოლეიშვილი.
ამასთან, საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გუშინ „იმედის“ ეთერში ბოლო პერიოდში ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ქნირშის თქმით, დიპლომატების მიმართ პრეტენზიების ნამდვილი მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა.
„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა“,- განაცხადა ქნირშმა.
ასევე, მისივე თქმით, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით.
ქეთევან დედოფლისა და ელჩების შესახებ განცხადება „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.
„ქეთევანის წამების ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მრავალი ელჩი ესწრებოდა, მაგრამ ვერ გააკეთეს ვერაფერი, ელჩები იყვნენ უსუსურები. ამ დიპლომატიურ კორპუსს უსუსურებს კი არ ვუწოდებ, უბრალოდ ვახსენებ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.