თამარ ჩერგოლეიშვილი - გერმანიის ელჩი, წესით, უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, მით უმეტეს, სხეულის ნაწილების დაწვაზე
თამარ ჩერგოლეიშვილი - გერმანიის ელჩი, წესით, უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, მით უმეტეს, სხეულის ნაწილების დაწვაზე

გერმანიის ელჩი წესით უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, – ამის შესახებ „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„არადა, გერმანიის ელჩი წესით უნდა ერიდებოდეს სარკაზმს ისტორიული პარალელებით, მით უმეტეს სხეულის ნაწილების დაწვაზე“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი „ფეისბუქზე“.

საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა გუშინ „იმედის“ ეთერში ბოლო პერიოდში ელჩებზე გაკეთებულ განცხადებებზე ისაუბრა. ქნირშის თქმით, დიპლომატების მიმართ პრეტენზიების ნამდვილი მიზეზი ოპოზიციის შიდა დაპირისპირებაა.

„ვფიქრობ, ასეთი განცხადებები ძალიან სერიოზულად არ უნდა აღვიქვათ. მგონი, პრიზები უნდა დავაწესოთ ყველაზე ეგზოტიკური და ფანტაზიით აღსავსე გამონათქვამებისთვის. პირადად ჩემი ფავორიტია ოპოზიციის შედარების იდეა ქეთევან წამებულთან, რომ ოპოზიციას აწამებენ დიპლომატების თანდასწრებით, რომლებიც მისგან მოელიან იმ საშინელი რამის გაკეთებას, რისთვისაც თავად გააკეთა განაცხადი და ეს არის პარლამენტში შესვლა“,- განაცხადა ქნირშმა.

ასევე, მისივე თქმით, პარლამენტი თავის ლეგიტიმაციას იღებს ხალხის მიერ, არჩევნების შედეგად და არა ოპოზიციის იქ შესვლით.

ქეთევან დედოფლისა და ელჩების შესახებ განცხადება „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა გააკეთა.

„ქეთევანის წამების ბარბაროსულ გადაწყვეტილებას მრავალი ელჩი ესწრებოდა, მაგრამ ვერ გააკეთეს ვერაფერი, ელჩები იყვნენ უსუსურები. ამ დიპლომატიურ კორპუსს უსუსურებს კი არ ვუწოდებ, უბრალოდ ვახსენებ, რომ ყველა უზურპატორი საუკუნეების განმავლობაში ერთსა და იმავეს აკეთებს“, – განაცხადა ჩარკვიანმა.