ირაკლი კობახიძე - საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას, რათა ქვეყნის ტერიტორია სანქციების გვერდის ასავლელად არ ყოფილიყო გამოყენებული, რაც აშშ-ის, ევროკავშირის, ბრიტანეთის მხრიდან დადებითად შეფასდა
ირაკლი კობახიძე - საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას, რათა ქვეყნის ტერიტორია სანქციების გვერდის ასავლელად არ ყოფილიყო გამოყენებული, რაც აშშ-ის, ევროკავშირის, ბრიტანეთის მხრიდან დადებითად შეფასდა

საქართველო აწარმოებდა ეფექტიან პოლიტიკას, რათა საქართველოს ტერიტორია არ ყოფილიყო გამოყენებული დასავლეთის მხრიდან დაწესებული სანქციების გვერდის ასავლელად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია, კერძოდ, აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები და მათ ძალიან დადებითად შეაფასეს ის ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის მხრიდან ხორციელდება.

„ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან თანამშრომლობით ვახორციელებთ 50 მაღალპრიორიტეტული საქონლის ჯგუფის გადაადგილების მონიტორინგს, ხორციელდება პერიოდული ანგარიშგება. ამ პერიოდის განმავლობაში მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 1898 გადაწყვეტილება. როგორც მოგეხსენებათ, საქართველოში ჩამოსული იყო სამმხრივი მისია, აშშ-ის, ევროკავშირისა და ბრიტანეთის წარმომადგენლები. მათ დადებითად შეაფასეს ძალისხმევა, რომელიც ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან ხორციელდება. მომავალშიც ამ სულისკვეთებით გავაგრძელებთ მოქმედებას“, – განაცხადა პრემიერმა.