ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ, ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია
ირაკლი კობახიძე - სამწუხაროა, როდესაც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს ვისმენთ, ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ უკრაინის მხრიდან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიმართ ასეთი მოწვევის გამოგზავნა არარელევანტურია. კობახიძის თქმით, სამწუხაროა, რომ უკრაინის მხრიდან შეურაცხმყოფელი განცხადებები ისმის.

ამასთან, მისივე თქმით, ძალიან დიდი იმედი აქვს, რომ უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ „უკრაინის ხელისუფლების მხრიდან საქართველოს მიმართ არასწორი ნაბიჯები იდგმება“.

„პარლამენტის თავმჯდომარემ გამოხატა თავისი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. არის სამწუხარო რეალობა, როდესაც სამწუხაროდ, ჩვენ ვისმენთ სახელმწიფოს მიმართ შეურაცხმყოფელ განცხადებებს უკრაინის ხელისუფლების მხრიდან, რასაც აქვს თავისი ლოგიკური მიზეზი, დეტალებში აღარ შევალ. ამ ფონზე ასეთი მოწვევის გამოგზავნა სამწუხაროდ, არარელევანტურია. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, უკრაინის ხელისუფლება გათავისუფლდება იმ ადამიანებისგან, რომლებიც პრაქტიკულად უზრუნველყოფენ იმას, რომ უკრაინის ხელისუფლების მხრიდან ჩვენი სახელმწიფოს მიმართ იდგმება არასწორი ნაბიჯები.

ჩვენ არაერთი ნაბიჯი გადავგდით, არა მარტო ომის დაწყების დღიდან, ომამდეც ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოს, ხალხის მიმართ იყო ურყევი და ძალიან მტკიცე მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, იქიდან გადმოდგმული ნაბიჯები არ იყო შესაბამისი. ეს არის ჩვენთვის ძალიან სამწუხარო და სინანული გვინდა ამასთან დაკავშირებით გამოვხატოთ“, – აღნიშნა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, მიუხედავად იმ განცხადებებისა, რომელიც უკრაინის ხელისუფლების მხრიდან კეთდება, საქართველოს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ ურყევად გაგრძელდება.

„რაც შეეხება ჩვენს დამოკიდებულებას, ჩვენი დამოკიდებულება არის შემდეგი – ჩვენთვის დასანანია ის გადაწყვეტილებები და განცხადებები, რომლებიც კეთდება უკრაინის ხელისუფლების მხრიდან. ამ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინელი ხალხისა და უკრაინის სახელმწიფოს მიმართ ჩვენი მხარდაჭერა ურყევად გაგრძელდება. ეს არის ჩვენი ძალიან მყარი პოზიცია“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, იქნებოდა თუ არა ბუჩაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ჩასვლა უკრაინის მიმართ მხარდაჭერის გამოხატულება, კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო მხარდაჭერას ყველა შესაბამისი ფორმით გამოხატავს.

„ეს არის ძალიან პრინციპული გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩვენს ხელისუფლებას აქვს მიღებული. პირველ რიგში, ეს არის ევროსაბჭოში მიღებული გადაწყვეტილება, სადაც საუბარი იყო რუსეთისთვის წევრის სტატუსის შეჩერებაზე. აქ ჩვენი მხარდაჭერა იყო უპირობო. გაერო-ში ჩვენ ვიყავით თანასპონსორი იმ რეზოლუციისა, რომლის თანასპონსორი მაგალითად მოლდოვაც კი არ იყო, უკრაინის მეზობელი ქვეყანა. ეუთო-ში აბსოლუტურად ყველა დოკუმენტს დავუჭირეთ მხარი, რაც უკავშირდებოდა უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გავხდით თანაავტორი იმ სისხლის სამართლის საჩივრისა, რომელიც შევიდა ჰააგის სასამართლოში. ეს არის კონკრეტული ნაბიჯები, რომელიც იდგმება ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ამის მიუხედავად, კიდევ ერთხელ, სამწუხაროდ, მიწევს იმის გამეორება, რომ შემხვედრი ნაბიჯები არ არის სათანადო, თუმცა კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ქვეყანა არის ომის მდგომარეობაში და ასეთ დროს ჩვენ იმაზე ღრმად ვერ შევალთ შეფასებებში, ვიდრე უკვე შევედით. ეს არის ჩვენი პოზიცია“, – განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას რატომღაც პრინციპული გადაწყვეტილება აქვს მიღებული, რომ თავისთან ჰყავდეს „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, სააკაშვილი, ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არახამია და სხვები.

„ეს არის მათი პრინციპული პოზიცია და სამწუხაროდ, ეს პოზიცია არ იცვლება. მათ იციან, რომ ეს პირველ რიგში, არის არამეგობრული დამოკიდებულების გამოვლინება ქართული სახელმწიფოს მიმართ, რადგან ესენი არიან ქვეყნის მთავარი კრიმინალები. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, არ იცვლება მათი დამოკიდებულება, ამის უკან რაღაც უნდა იდგეს. არ ვიცით, რა არის ამის მიზეზი. ჩვენ ერთადერთი, ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს შეფასებების გაკეთება, თუმცა ამაზე ღრმად ჩვენ ვერ შევალთ კიდევ ერთხელ იმის გამო, რომ ქვეყანა დღეს ომის მდგომარეობაშია და ამ ფაქტორს მაქსიმალურად უნდა გავუწიოთ ანგარიში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა გუშინ განაცხადა, რომ ბუჩას ტრაგედიის სანახავად უკრაინის რადას თავმჯდომარემ რუსლან სტეფანჩუკმა პარლამენტარები მიიწვია. კასიანოვის თქმით, სტეფანჩუკის მიწვევა მიიღო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმაც. საქართველოს პარლამენტში კი განაცხადეს, რომ შალვა პაპუაშვილს უკრაინის რადას თავმჯდომარის ოფიციალური მიწვევა არ მიუღია. ამასთან დაკავშირებით მოგვიანებით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტმა განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოდან წერილი გამოიგზავნა მხოლოდ მას შემდეგ, რაც პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი უკრაინის საელჩოს დაუკავშირდა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა.