ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი თუ ვერ გადავაყენეთ, რჩება პრეზიდენტად, საქართველოს მთავრობას არ აქვს პრეზიდენტის ნდობა და მის მიმართ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება
ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილი თუ ვერ გადავაყენეთ, რჩება პრეზიდენტად, საქართველოს მთავრობას არ აქვს პრეზიდენტის ნდობა და მის მიმართ იგივე პრაქტიკა გაგრძელდება

დეპუტატები პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას როცა აღძრავენ, ისინი პრეზიდენტს თავისი თანამდებობის ღირსად არ მიიჩნევენ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საკონსტიტუციო სასამართლოში განაცხადა, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით სხდომა მიმდინარეობს.

კობახიძეს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, მაია კოპალეიშვილმა კითხვა დაუსვა: „აღნიშნეთ, რომ პრეზიდენტს პრეზიდენტობის ღირსად არ მიიჩნევთ. რას გულისხმობთ ამაში, რამდენად შეესაბამება ასეთი მიდგომა იმპიჩმენტთან მიმართებით კონსტიტუციის დადგენილ სტანდარტს? ვთქვათ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა დარღვევა, შემდეგ პარლამენტში კენჭი ეყარა და ვერ მოაგროვეთ საკმარისი ასი ხმა. ამ შემთხვევაში, დამატებით რა შეზღუდვები შეიძლება, დაუწესოთ, რას ნიშნავს ღირსად არ მიიჩნევთ, პრაქტიკული თვალსაზრისით, რაში გამოიხატება?“

ირაკლი კობახიძის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ სალომე ზურაბიშვილს ვერ გადააყენებენ, ვინაიდან საქართველოს მთავრობას არ აქვს პრეზიდენტის ნდობა, ის პრაქტიკა გაგრძელდება, რაც იყო.

„ეს არ იყო პოლიტიკური განცხადება, პოლიტიკური განცხადებები შემიძლია, გარეთ, კამერებთან გავაკეთო. ამ შემთხვევაში ეს იყო სამართლებრივი შეფასება იმ პროცესისა, რომელიც აქ წარიმართება. მარტო პრეზიდენტს არ ეხება ეს, როდესაც, მაგალითად, პარლამენტის წევრებს, 50-ზე მეტ დეპუტატს შეუძლია, აღძრას უნდობლობის საკითხი, ეს თავშივე ნიშნავს, რომ 50-ზე მეტი დეპუტატი მთავრობას აღარ მიჩნევს ღირსად, დარჩეს საკუთარ პოზიციებზე. ერთგვარი სამართლებრივი მოცემულობის კონსტატაციაა, რომ ჩვენ პრეზიდენტს არ მივიჩნევთ თანამდებობის ღირსად. ჩვენ აღვძარით იმპიჩმენტის პროცედურა, შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია. კონსტიტუციის მიხედვით, იმპიჩმენტის საბოლოო შედეგი არის გადაყენება. იმიტომ აღძრავ პროცედურას, რომ გადააყენო. შესაბამისად, სამართლებრივი შეფასებაა, რომ დეპუტატები როცა აღძრავენ პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას, ისინი პრეზიდენტს თავისი თანამდებობის ღირსად არ მიიჩნევენ. წარმოვიდგინოთ, საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა კონსტიტუციის დარღვევა, მაგრამ ვერ გადავაყენეთ, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი რჩება საქართველოს პრეზიდენტად და მომდევნო ერთი წლის განმავლობაში ჩვეულებრივი პოლიტიკური ცხოვრება გაგრძელდება. საქართველოს მთავრობას არ აქვს პრეზიდენტის ნდობა და ის პრაქტიკა გაგრძელდება, რაც იყო. 26 მაისს როგორც გამოდიოდა ტრიბუნიდან, მიუხედავად უმძიმესი განცხადებისა, რაც ბოლოს გააკეთა, ჩვეულებრივად ბოლოჯერ გამოვა 26 მაისს აღლუმზე, მიმართავს ჯარს და შეიძლება კიდევ ერთხელ მოუხადოს ბოდიში დაღუპული გმირების ოჯახების წევრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.