ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ვიდეო თავიდან დიფ ფეიკის ტექნოლოგია გვეგონა, თუმცა ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და გვეტყვიან პასუხს
ირაკლი კობახიძე - სააკაშვილის ვიდეო თავიდან დიფ ფეიკის ტექნოლოგია გვეგონა, თუმცა ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და გვეტყვიან პასუხს

არის შიდა ბრძოლები იმასთან დაკავშირებით, ვინ მიიღებს 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. ამის შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ იმყოფება, ამიტომ მისი დაჭერა კიდევ ცოტა ხნით გადაიწევს.

„ჩვენ ვიცით, რომ არის შიდა დაპირისპირებები და მიდის ბრძოლა იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ მიიღებს იმ 25 პროცენტს, რომელიც შეიძლება, აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. არის შიდა ბრძოლები და ამ შიდა ბრძოლების შედეგია ის მასკარადი, რომელსაც ვხედავთ. კიდევ ერთხელ გეუბნებით, მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში. შეიძლება, ეს ცუდიც არის, რადგან როდესაც ხალხმა გაიგო იმის შესახებ, რომ ეს კლოუნი საქართველოშია, უფრო მეტად მობილიზდნენ ჩვენი მხარდამჭერები, მაგრამ სამწუხაროდ, სააკაშვილი არ არის საქართველოში. შესაბამისად, ამ კლოუნის დაჭერა გადაიწევს კიდევ ცოტა ხნით, თუმცა კანონი საბოლოოდ მაინც აღსრულდება. ეს სცენარი არის თავიდან ბოლომდე კლოუნადა. ძალიან ბევრ რამეს ვეყრდნობი და ძალიან მყარად გეუბნებით, რომ მიხეილ სააკაშვილი არ არის საქართველოში, ის არის კლოუნი, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურა“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ირაკლი კობახიძე საზოგადობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.

„საზოგადოებას მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, მაგრამ ამასთან ერთად, საზოგადოებას მაინც მოვუწოდებ 2 ოქტომბერს სრული მობილიზაციისკენ, რათა ეს კლოუნადა დასრულდეს, 25 პროცენტიც არ უნდა აიღოს „ნაციონალურმა მოძრაობამ“. რაც შეეხება ვიდეოს, თავიდან გვეგონა დიფ ფეიკის ტექნოლოგია, თუმცა საბოლოო ჯამში, აღმოჩნდა ბევრად მარტივი ტექნოლოგია. უმარტივესად არის გადაღებული, ჩვენი ექსპერტები მუშაობენ და ძალიან მარტივად გვეტყვიან ამაზე პასუხს. უმარტივესი ფეიკია, რაც მიხეილ სააკაშვილისგან, ბუნებრივია, არავის უკვირს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილმა დღეს დილით საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა პოსტი, რომლითაც მიანიშნებს, რომ არალეგალურად შემოვიდა ქვეყანაში და უკვე საქართველოშია.

ასევე, მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა მორიგი ვიდეო, სადაც ამბობს, რომ ბათუმში იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით აცხადებენ, რომ სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.