ირაკლი კობახიძე - რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევის საკითხზე ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთხელ იმ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის დეპუტატმა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცება საქართველოს დელეგაციისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„მოლოდინი, რა თქმა უნდა, იყო, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღებოდა. ვიცოდით, რა იყო კონტექსტი ამ გადაწყვეტილების. მანამდე უკვე ჰქონდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას მიღებული გადაწყვეტილება რუსეთის დაბრუნების თაობაზე.
ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, კიდევ ერთხელ იმ გზავნილის გაჟღერება, რომელიც უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ საერთაშორისო სამართლის ელემენტარული პრინციპების დარღვევას, რომელიც უკავშირდება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციას, რომელიც უკავშირდება ყირიმის ანექსიას. ეს არის ყველაზე უხეში დარღვევები, რაც კი შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანმა, როდესაც საუბარია საერთაშორისო სამართლის პრინციპებზე. ამ საკითხებზე ყურადღების კიდევ ერთხელ გამახვილება ჩვენთვის იყო მნიშვნელოვანი და მოვახერხეთ კიდეც ეს, ჩვენს მეგობრებთან ერთად, ჩვენს კოლეგებთან ერთად. ყველაზე აქტიურად ჩართულები იყვნენ ამ ყველაფერში ბალტიისპირელი კოლეგები და ასევე, ჩვენი უკრაინელი კოლეგები“,- განაცხადა კობახიძემ.
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.