ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ პლენარულ სესიაზე რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების დამტკიცებას მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას ასამბლეის 96 წევრმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგი 44 იყო.

აღსანიშნავია, რომ სტრასბურგში გამართულ კენჭისყრაში რუსეთის დელეგაციის წევრებს მონაწილეობის მიღების უფლება არ ჰქონდათ.

რ​ოგორც რეზოლუციის ავტორმა, ტონი კოქსმა განაცხადა, ექვსი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთის დელეგაციას ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილება აღუდგინეს. აღნიშნული პერიოდის განმავლობაში, რუსეთთან დაკავშირებული სიტუაცია არ გაუარესებულა, არამედ პირიქით, შეინიშნებოდა გარკვეული გაუმჯობესებები. კერძოდ, მან დაასახელა რუსეთის მიერ მონიტორინგის კომიტეტთან თანამშრომლობა, ევროსაბჭოს საწევროს გადახდა, ასევე უკრაინელი მეზღვაურების გათავისუფლება.

დოკუმენტის განხილვას სესიაზე მწვავე დებატები მოჰყვა. რუსეთისთვის უფლებამოსილების აღდგენა გააპროტესტეს საქართველოსა და უკრაინის დელეგაციის წევრებმა, რომლებიც რამდენიმე პარტნიორი ქვეყნის დელეგაციასთან ერთად იყვნენ რუსეთის დელეგაციის უფლებამოსილების გასაჩივრების ინიციატორები.

„როგორც არ უნდა დასრულდეს ეს კენჭისყრა, პუტინი წააგებს. საქართველოს გაუმარჯოს! აფხაზეთი საქართველოა! სამხრეთ ოსეთი საქართველოა! დონბასი უკრაინაა! ყირიმი უკრაინაა”, – განაცხადა უკრაინელმა დეპუტატმა ოლექსი გონჩარენკომ.