ირაკლი კობახიძე - როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი
როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ, ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის მათზე დამოკიდებული.
„მოხერხებაზეა, ჩვენ ვართ მოლოდინის, სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში. როგორც კი დავინახავთ, რომ საბჭოური მიდგომები შეიცვალა ევროპარლამენტში თუ, ზოგადად, ევროპულ ბიუროკრატიაში, მაშინვე განახლდება დიალოგი. ეს არის მათზე დამოკიდებული, აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მოლოდინის და სტრატეგიული მოთმინების რეჟიმში“, – განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი კობახიძემ უპასუხა შეკითხვას, თუ რა არის ისეთ მოთხოვნები, რასაც ისინი ითხოვენ საქართველოსგან და რაც მიუღებელია.
„რომ ავიღოთ შეკრებები და მანიფესტაციები. 1 წლის და მეტი დროის განმავლობაში ქვეყნის ცენტრალური გამზირი იყო გადაკეტილი. 150-მა „ნაცმა“ შეაწუხა მთელი საქართველო. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი და ახლა არ მოსწონთ ეს კანონი. აქედან ხომ ჩანს, რომ 150 „ნაცის“ მიერ 3 900 000 კაცის შეწუხება მოსწონს ევროპარლამენტს. ტროტუარზეც იგივეა. როგორც კი შევუზღუდეთ რუსთაველის გამზირის გადაკეტვა, მერე დაიწყეს ტროტუარებზე სიარული და ტროტუარების გადაკეტვა. 150 კაცი რომ ხარ, დადექი და წყნარად იყავი. სადაც გინდა, იქ დადექი ტროტუარზე, ოღონდ არ შეუშალო სხვას ხელი. ეს კანონი მიღებული იქნა იმის გამო, რომ ისინი კეტავდნენ, მანიფესტაციებს აწყობდნენ ტროტუარებზე იმისათვის, რომ 150 კაცით დისკომფორტი შეექმნათ თბილისის მოსახლეობისთვის. ამის წინააღმდეგ მივიღეთ კანონი, აბსოლუტურად გამართული კანონია. ეს არ მოსწონს ევროპარლამენტს. გამოდის, რომ მათ მოსწონთ 150 კაცის მიერ 3 900 000 ადამიანის შეწუხება. არ შეიძლება, რომ 150 „ნაცი“ აწუხებდეს 3 900 000 ადამიანს საქართველოში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.