ირაკლი კობახიძე - საქართველოში გრანტებით ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, თავდასხმები ეკლესიასა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე, „გრანტების შესახებ“ კანონით დავამშვიდეთ ქვეყანა
გრანტებით საქართველოში ფინანსდებოდა სიძულვილის გაღვივება, აგრესიის გაღვივება, თავდასხმები მართლმადიდებელი ეკლესიისა და სახელმწიფო ინსტიტუტების წინააღმდეგ და ეს იყო, ჩვეულებრივად, უხეში საგარეო ინტერვენციის ინსტრუმენტი, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ამ ყველაფრის წინააღმდეგ ხელისუფლებამ მიიღო გრანტების შესახებ კანონი, რის შემდეგაც დამშვიდდა ქვეყანა.
„გრანტების შესახებ კანონის მიღების შემდეგ დავამშვიდეთ და დავაწყნარეთ ჩვენი ქვეყანა. მანამდე იყო ოთხი წლის განმავლობაში რევოლუციის ხუთი მცდელობა, რომლებსაც აწყობდნენ სწორედ ამ გრანტებით დაფინანსებული ორგანიზაციები და როდესაც გეუბნება ევროპარლამენტი, რომ ეს კანონი უნდა გააუქმო, ეს ნიშნავს, რომ მეხუთე წლის თავზე უნდათ, რომ მოაწყონ კიდევ რევოლუციის მეექვსე მცდელობა. რა თქმა უნდა, ამაზე ჩვენ ვერ გვექნება სხვანაირი რეაქცია, გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია. თუ ევროპარლამენტს უნდა საქართველოში რევოლუციის მოწყობა, მიიღებენ, რა თქმა უნდა, შესაბამის პასუხს“, – განაცხადა პრემიერმა.