ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციაში არ სურთ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონი მათ ოლიგარქებს შეეხოთ, ამიტომ არიან დაინტერესებულნი, რომ კანონი არ იყოს მიღებული 
ირაკლი კობახიძე - რადიკალურ ოპოზიციაში არ სურთ, „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ ახალი კანონი მათ ოლიგარქებს შეეხოთ, ამიტომ არიან დაინტერესებულნი, რომ კანონი არ იყოს მიღებული 

რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად ოლიგარქები არიან და ოლიგარქების წრეს განეკუთვნებიან. მათ არ სურთ, ახალი კანონი მათ ოლიგარქებს შეეხოთ, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ კანონზე საუბრისას განაცხადა.

კობახიძემ საქართველოს პირველ არხთან საუბრისას განმარტა, რატომ მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ“ უკრაინული კანონი ეთარგმნათ და ქართულ რეალობაში გადმოეტანათ.

„არსებობს უნივერსალური მცნებები, რაც ერთია უკრაინისთვის, საქართველოსთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, აგვეღო უკრაინული კანონი, პირდაპირ გვეთარგმნა და გადმოგვეტანა ქართულ რეალობაში, რასაც მოჰყვა ოპოზიციის შეშფოთება ერთი მარტივი მიზეზის გამო – რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც ობიექტურად ოლიგარქები არიან და ოლიგარქების წრეს განეკუთვნებიან. ეს არის იგივე კეზერაშვილი, ჭუტა და ასე შემდეგ, ყველას გვარს აღარ ჩამოვთვლი. რა თქმა უნდა, მათ არ სურთ, ახალი კანონი მათ ოლიგარქებს შეეხოთ. ჩვენ მხარეს არ არიან ოლიგარქები, მათ მხარეს არის რამდენიმე ოლიგარქი. აქედან გამომდინარე, ისინი სუბიექტურად არიან დაინტერესებულნი, რომ ეს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებული კანონი არ იქნას მიღებული. ვნახოთ, რასთან დაკავშირებითაც შედგება კონსენსუსი, იმ გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.