ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერია მელია, პროცესი ტოტალური საარჩევნო მარცხით დასრულდება
ირაკლი კობახიძე - „ნაცმოძრაობა“ დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერია მელია, პროცესი ტოტალური საარჩევნო მარცხით დასრულდება

„ნაციონალური მოძრაობა“ დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად, ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერია მელია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, პარტიაში მიმდინარე პროცესი ტოტალური საარჩევნო მარცხით დასრულდება.

„მეცხრედ წააგებენ არეჩევნებს ამ ქვეყანაში. რაც შეეხება იმ ვითარებას, რომელიც დღეს „ნაცმოძრაობაშია“, ეს არის ძალიან კარგი, პარტია დაიყო ბოლშევიკებად და მენშევიკებად. ბოლშევიკების ფორმალური თავმჯდომარე არის ხაბეიშვილი, მენშევიკების ლიდერი – მელია. ეს პროცესი გაგრძელდება, რაც ძალიან კარგია. ამის დასასრული რა იქნება, არ ვიცი, საბოლოო ჯამში, ალბათ არჩევნების წინ მაინც მოახერხებენ ერთმანეთისგან გაყრას, თუ ვერ მოახერხებენ, ეს კიდევ უკეთესი. მთავარია, ისინი მეცხრედ წააგებენ არჩევნებს ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახეა „ნული ინტელექტი და ნული სინდისი“.

„ბეჟაშვილს და ცისკარიშვილს სადღაც რომ სიტყვა ეთქმით, იქ რა უბედურება ხდება, თავად შეგიძლიათ, იმსჯელოთ. არც ინტელექტია საინტერესო ამ პოლიტიკური პარტიისთვის, არც სინდისი, არც არაფერი, ამიტომ არის მძიმე მდგომარეობაში, რაც ლოგიკურია. როგორიც არის პარტია, ისეთი არიან პოლიტიკური სახეები და როგორიც არიან სახეები, ისეთივეა პარტია. როგორი სინდისისგან და ინტელექტისგან დაცლილიც არის მთლიანობაში „ნაცმოძრაობა“, ისეთი სახეები ჰყავს მას. ამის ყველაზე კარგი განსახიერებაა ლევან ხაბეიშვილი, თავად კეზერაშვილი, ინტელექტისგან და სინდისისგან დაცლილი ადამიანები, ამის გაგრძელებაა ბეჟაშვილი, ცისკარიშვილი, მელია და მთელი „ნაცმოძრაობა“, დაწყებული კეზერაშვილი-სააკაშვილისგან და დამთავრებული გუბაზ სანიკიძით. რეალურად, ეს არის „ნაცმოძრაობის“ ნამდვილი სახე, ნული ინტელექტი და ნული სინდისი“, – აღნიშნა კობახიძემ.