ირაკლი კობახიძე - მუდმივად ვხედავთ ჩანაწერებს, სადაც საუბრობს ორი ადამიანი, რომლებსაც „ქართულ ოცნებასთან“ არანაირი შეხება არ აქვს
რანაირად არის ეს ჩვენთვის მძიმე სკანდალი – ოქუაშვილი ელაპარაკება ვიღაცებს, ხან ერთს, ხან მეორეს, ხან მესამეს, რომელთაგან არც ერთს არ აქვს შეხება “ქართულ ოცნებასთან”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის“ გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას განაცხადა.
„ლევან ყიფიანის მინისტრობის შემდეგ რამდენი წელი გავიდა და არანაირი შეხება მას აღარ აქვს „ქართულ ოცნებასთან“. რანაირი სკანდალია ეს ჩვენთვის. პირიქით, ჩვენ ვართ დაინტერესებული მაქსიმალურად, რომ გამოიძიონ ეს საქმე, როცა ლაპარაკობს ოქუაშვილი, ის პრაქტიკულად თავის დანაშაულზე საუბრობს, გავარკვიოთ, რა დანაშაული ჩაუდენია ოქუაშვილს, როცა ფულს უხდიდა ვიღაცას. ოქუაშვილიც უნდა დავიჭიროთ, პეტრეც და პავლეც, თუ ისინი არიან დანაშაულის თანამონაწილეები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ტელეკომპანია „იბერიას“ მიერ დაფინანსების წყაროს შეზღუდვაზე განცხადების გავრცელების შემდეგ, ფარული ჩანაწერი რამდენჯერმე გავრცელდა, რომელშიც ლევან ყიფიანი ფიგურირებდა. ჩანაწერთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების ფარგლებში ყიფიანი გამოიკითხა.
ტელეკომპანია „იბერიამ“ განცხადება 7 სექტემბერს გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ „იბერიას“ გადაუკეტეს დაფინანსების მთავარი წყარო. კომპანია „ომეგა ჯგუფი“, რომლის შემადგენლობაშიც შედის ტელეკომპანია „იბერია“, პარალიზებულია. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, „ომეგა ჯგუფში“ შემავალი სიგარეტის მწარმოებელი კომპანია შპს „ოჯთ“ არის ერთადერთი კომპანია, რომელსაც ბიუჯეტის წინაშე 50 მილიონ ლარზე მეტი ვალი ერიცხება, რომლის ძირითად ნაწილს შეადგენს თამბაქოს ნაწარმზე აქციზის გადასახადის გადაუხდელობა. თანხის გადაუხდელობის გამო კი, ამჟამად, კომპანიის მიმართ გავრცელებულია იძულებითი ღონისძიებები – ინკასო და ყადაღა.