ირაკლი კობახიძე - მთავარი ამოცანაა, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს და ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს
ირაკლი კობახიძე - მთავარი ამოცანაა, საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს და ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ მმართველი გუნდის წევრებს შორის ნარკოპოლიტიკასთან მიმართებით აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, პოზიციების შეჯერების რესურსი არსებობს და უახლოესი ორი კვირის განმაცვლობაში შესაბამისი კანონპროექტი უნდა მომზადდეს.

„ჩვენ შესაბამის კანონპროექტთან დაკავშირებით მუშაობას ინტენსიურად ვაგრძელებთ. მართალია, გუნდის წევრებს, უმრავლესობას შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობს, თუმცა პოზიციების შესაჯერებლად რესურსი არსებობს. ჩვენ გვინდა, რომ თვის ბოლომდე, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში უკვე კანონპროექტი მოვამზადოთ და შესაბამისი კანონპროექტის ინიცირება მოხდეს, რაც გახდება იმის წინაპირობა, რომ ჩვენ სესიის ბოლომდე, ივნისის ბოლომდე უკვე კანონპროექტის საბოლოოდ მიღებას მოვახერხებთ. ჩვენ ძალიან მკაფიო ხედვა და ზოგადი პრინციპები გვაქვს. მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველოში ნარკოტიკების მოხმარება შემცირდეს. ამოცანა არის ის, რომ ზოგადად ამ სფეროში ჰუმანური პოლიტიკა გატარდეს და კანონპროექტი, რომელიც ჩვენ მიერ უნდა შემუშავდეს, ამ პრინციპებს დაეფუძნება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ ყველა საკითხზე მსჯელობაა საჭირო

„ესეც ნარკოპოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. ყველა საკითხთან დაკავშირებით უნდა ვიმსჯელოთ. ერთი ან მეორე მიმართულებით დღეს რაიმე პოზიციის დაფიქსირება სწორი არ იქნება. ყველა საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ნარკოპოლიტიკას უკავშირდება, ჩვენ უნდა ვიმსჯელოთ და გადაწყვეტილება ამის საფუძველზე მივიღოთ“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.