ირაკლი კობახიძე - მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ვისაც ექნება სურვილი, ყველა უნდა დარჩეს საპარლამენტო სიაში, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება
ირაკლი კობახიძე - მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ვისაც ექნება სურვილი, ყველა უნდა დარჩეს საპარლამენტო სიაში, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება

მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ვისაც ექნება სურვილი, ყველა უნდა დარჩეს საპარლამენტო სიაში, ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა.

ამასთან, როგორც კობახიძემ აღნიშნა, გადაწყვეტილებები მიიღება პოლიტსაბჭოს ფორმატში.

„დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა ყველა წინა საპარლამენტო უმრავლესობისგან ბევრი თვალსაზრისით არის გამორჩეული, მათ შორის, ეს არის კომპეტენცია. მიმაჩნია, რომ მოქმედი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიდან ვისაც სურვილი ექნება, ყველა უნდა დარჩეს ამ საპარლამენტო სიაში. ეს არის გუნდის საერთო დამოკიდებულება, გუნდის თითოეული ლიდერის – აქ იგულისხმება საპატიო თავმჯდომარე, პარტიის თავმჯდომარე, პოლიტსაბჭოს თითოეული წევრი.

გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელი საპარლამენტო უმრავლესობა არის გამორჩეული გუნდი, ამ გუნდის თითოეულ წევრს დარჩენის შესაძლებლობა თუ ექნება, ამის საშუალება უნდა მიეცეს. ზოგადად, ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულებაა, რომ ყველა ასეთი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კონსულტაციების საფუძველზე. მთელი ამ წლების განმავლობაში, 12 წლის განმავლობაში სწორედ ამ პრინციპით მოქმედებდა ბიძინა ივანიშვილი. სიასთან დაკავშირებით კონსულტაციები ჯერ არ დაწყებულა. ჩვენთან სია განიხილება კოლეგიალურ რეჟიმში, პოლიტსაბჭოს ფორმატში. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა დაელოდოს ამ საკითხის შესაბამის ფორმატში განხილვას. ასეთი პროცესების მიმართ ბატონი ბიძინა ივანიშვილის დამოკიდებულება არის სრულიად განსხვავებული, მისი დამოკიდებულებაა, რომ ნებისმიერი პრინციპული გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული კოლეგიალურ რეჟიმში. ამისთვის არსებობს სათანადო ფორმატი, ეს არის პოლიტსაბჭოს ფორმატი. სიის ფორმირებასთან დაკავშირებით პოლიტსაბჭო იღებს საბოლოოდ გადაწყვეტილებას. რა თქმა უნდა, აქ ჩართულია გუნდის ყველა ლიდერი, პირველ რიგში, პარტიის საპატიო თავმჯდომარე. შესაბამისად, ამ ფორმატში იქნება მიღებული გადაწყვეტილებები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.