ირაკლი კობახიძე - ცხრა წელიწადი სააკაშვილი აკეთებდა რუსულ საქმეს და ახლაც საქართველოში ჩამოსული იყო რუსული საქმის საკეთებლად
ირაკლი კობახიძე - ცხრა წელიწადი სააკაშვილი აკეთებდა რუსულ საქმეს და ახლაც საქართველოში ჩამოსული იყო რუსული საქმის საკეთებლად

მიხეილ სააკაშვილის დაკავების სპეცოპერაცია ვინ იცოდა, ვინ არა, როდის ვინ გაიგო და ა.შ. ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, რომ ოპერაცია დაიგეგმა წარმატებით და ამის შედეგია, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს არის იქ, სადაც არის მისი ადგილი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავების საკითხზე განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილი საქართველოში ჩამოსული იყო რუსული საქმის საკეთებლად.

„მიხეილ სააკაშვილი რუსულ საქმეს ცხრა წელი აკეთებდა, მან რუსეთის ფედერაციას ჩააბარა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტი, ასევე სტრატეგიული ეკონომიკური ობიექტები და ა.შ. შემდეგ ცხრა წელი ოპოზიციიდან ის აკეთებდა რუსულ საქმეს. დღესაც, ის საქართველოში ჩამოსული იყო რუსული საქმის საკეთებლად. ეს ყველამ ძალიან კარგად იცის. აქედან გამომდინარე, როცა საუბარია რუსულ საქმეზე, ეს ყველაფერი სააკაშვილის შემთხვევაში უნდა მოვიკითხოთ.

ყველამ ძალიან კარგად იცის, თუ რა დანაშაულები აქვს მიხეილ სააკაშვილს ჩადენილი. ეს არის გირგვლიანის, „იმედის” საქმეები, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი. მის მიერ ჩადენილი დანაშაულებზე საზოგადოებამ ყველაფერი იცის. ის არის ძალიან მძიმე დამნაშავე. ის ექვსი წელიც არაფერია იმ დანაშაულებთან, რაც მას აქვს ჩადენილი. „ნაცმოძრაობის” კუთვნილ ტელევიზიებს იმის საშუალება არ მივეცით, რომ გუშინ, არეულობა შემოეტანათ, თუნდაც, რამდენიმე საათის განმავლობაში. „ნაცმოძრაობა” თავისი ტელევიზიებით ცდილობდა, შეექმნა წინა რევოლუციური განწყობა, რისი საშუალებაც არ მიეცათ. შესაბამისად, თქვენი ბელადი მოხვდა იქ, სადაც უნდა იყოს. მიხეილ სააკაშვილის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის. მას აფრთხილებდნენ, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორები, რომ ქვეყანაში არ უნდა შემოსულიყო, თუმცა მან არავის არ მოუსმინა. მან იცოდა, საქართველოში შემოსვლის შემთხვევაში, მისი ადგილი სად იყო, მაგრამ მან გადაწყვეტილება თავად მიიღო, ის არის ძალიან მძიმე დამნაშავე და სასჯელს იხდის სწორედ ამ მძიმე დანაშაულისთვის“, – განაცხადა კობახიძემ.

მან კომენტარი გააკეთა აქვე მიხეილ სააკაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტის ვლადიმირ ზელენსკის განცხადებაზე.

„ჩვენ განვუმარტავთ ოპერაციის ყველა დეტალს, როგორ მოხდა მისი დაკავება. შეგვიძლია, ინფორმაცია დეტალებში მივაწოდოთ“, – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება სააკაშვილის დაკავების ოპერაციას, კობახიძის თქმით, სამართალდამცავი ორგანოები აკონტროლებდნენ ყველაფერს, კიევიდან-სანზონამდე ყველაფერი იყო კონტროლქვეშ.

„შესაბამისად, იყო ეფექტური ეს ოპერაცია. აქცენტის გადატანა სააკაშვილის პატიმრობიდან ოპერაციამდე, ეს არის უსუსური მცდელობა, რომ პარტიის მხარდამჭერებს დააჯეროთ, რომ პარტიის ბელადი არის დაჭერილი. ეს არ გამოვა, „ნაცმოძრაობა” არის მოშლილი, რადგან მათი ბელადი, რომელიც იმუქრებოდა ხელისუფლების გადატრიალებით, არის დაჭერილი. დღეს მნიშვნელოვანია ის, რომ საზოგადოება იყოს აქტიური და მსხვილი წერტილი დაუსვას საბოლოოდ „ნაცმოძრაობას”. შემდეგი სამი წელი უნდა იყოს მშვიდი, „ნაცმოძრაობისა” არეულობისა და სააკაშვილის გარეშე“, – განაცხადა კობახიძემ.