ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის მესიჯი, რომ პრემიერი შოლცმა დაიბარა, მეტყველებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაზე, უცხოელი აგენტები არიან და ამიტომ ფიქრობენ ასე
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიციის მესიჯი, რომ პრემიერი შოლცმა დაიბარა, მეტყველებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაზე, უცხოელი აგენტები არიან და ამიტომ ფიქრობენ ასე

მესიჯი, რომელიც შეიმუშავა რადიკალურმა ოპოზიციამ თავისი ტელევიზიებით, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბარა, მეტყველებს კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ დამოკიდებულებაზე საკუთარი ქვეყნის მიმართ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, „როცა ასე უყურებ საკუთარ ქვეყანას, რომ შენი პრემიერ-მინისტრი შეიძლება, გერმანიის პრემიერ-მინისტრმა დაიბაროს და მერე წამზომი ჩაურთოს, ეს არის საკუთარი ქვეყნის მიმართ დამოკიდებულების გამოხატულება“.

„„ნაცმოძრაობა“ თავისი ამ პოლიტიკური პარტიებით, „ენჯეოებით“ და ტელევიზიებით არის ერთადერთი რამ, უცხოური აგენტურა, ეს არის მათი დამოკიდებულების გამოხატულება. უცხოელი აგენტები არიან და სწორედ ამიტომ ფიქრობენ ასე, რომ ვიღაცამ შეიძლება, დაიბაროს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. თავის დროზე, 2008 წელს იბარებდნენ სააკაშვილს და რაღაცებს ავალებდნენ, ასეთი რაღაცები ხდებოდა მაშინ, მაგრამ დღეს საქართველო არის სუვერენული სახელმწიფო, შესაბამისად, დღეს, განსხვავებით წინა ხელისუფლებისგან, საქართველოს პრემიერ-მინისტრს ვერავინ ვერსად ვერ დაიბარებს და ვერავინ ვერავითარ წამზომს ვერ ჩაურთავს. რაც შეეხება რეფორმებს, რეფორმები ხორციელდება, არის 12 პუნქტი, ივნისის ბოლომდე შესრულდება ყველა პუნქტი აბსოლუტურად, ეს არის ჩვენი გეგმა. ეს გეგმა წარვუდგინეთ ჩვენ ქართულ საზოგადოებას თვეების წინ და ვთქვით რომ ამ ივნისის ბოლომდე, ამ თვის ბოლომდე იქნებოდა აუცილებლად ყველა პუნქტი შესრულებული, პირნათლად ვასრულებთ ჩვენს დაპირებას ქართული საზოგადოების, ასევე ევროკომისიის წინაშე. ამ თვის ბოლომდე ყველა პუნქტი იქნება პირნათლად შესრულებული. ეს არის ჩვენი დამოკიდებულება. რა თქმა უნდა, ვადა არსებობს, ეს ვადა ჩვენ თვითონ დავუდგინეთ, პირველ რიგში, საკუთარ თავს. ვთქვით, რომ ივნისის ბოლომდე შევასრულებდით 12 პუნქტს იმისათვის, რომ დეკემბერში საბაბიც კი არ დავუტოვოთ კანდიდატის სტატუსის არმოსაცემად და ეს გეგმა სრულდება, ივნისის ბოლომდე დასრულდება 12-ვე პუნქტზე მუშაობა“, – განაცხადა კობახიძემ.