ირაკლი კობახიძე - მერი არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით, არამედ თავისი არსითაც პოლიტიკური თანამდებობის პირია
მერი არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით, არამედ თავისი არსითაც პოლიტიკური თანამდებობის პირია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის ინიციატივის კომენტირებისას განაცხადა.
კობახიძის თქმით, მერობის კანდიდატად არაპოლიტიკოსი პირის წარდგენა გაუგებარი ლოგიკაა.
„მერი არა მარტო საქართველოს კანონმდებლობით, არამედ თავისი არსითაც პოლიტიკური თანამდებობის პირია. აქედან გამომდინარე, ეს ლოგიკა ცოტა გაუგებარია, თუმცა ყველას თავისი არჩევანი აქვს. მათ არაპოლიტიკოსი კანდიდატის წარდგენა თუ სურთ, შეუძლიათ წარადგინონ, მაგრამ რაც ეხება ზოგად ლოგიკას, მერი, განსაკუთრებით დედაქალაქის მერი, ეს არის პოლიტიკოსი. ერთი კანდიდატი თუ იქნება, ეს უკეთესია ჩვენთვის. რამდენიმე კანდიდატი თუ იქნება, ესეც კარგია ჩვენთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ადგილობრივ არჩევნებზე ამომრჩეველს უნდა აჩვენონ, როგორ შეიძლება თბილისის მაგალითზე კოალიციური მმართველობა ჰქონდეთ. მამუკა ხაზარაძის განმარტებით, ამ ყველაფრისთვის კი საჭიროა, ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა უარი თქვან მერობის პოსტზე საკუთარი კანდიდატურის წამოყენებაზე. გარდა ამისა, მამუკა ხაზარაძე აღნიშნავს, რომ თბილისის მერი უნდა იყოს მეურნე ადამიანი და არა რომელიმე პარტიის წარმომადგენელი.